logo
ENG



სარფს კი არა, ქალაქს გადავკეტავ - ბათუმის იუსტიციის სახლთან ლავასოღლის ახლობლები იკრიბებიან

04 ივნ 202014:34
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქციის დაწყებამდე საათზე ნაკლები რჩება. ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის მხარდამჭერები, თურქეთიდან მის ექსტრადიციას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, სარფის საბაჟო პუნქტს გადაკეტავენ. აქციის ოთხ მონაწილეს, პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი.

ე.წ. კანონიერი ქურდის ახლობლები იუსტიციის სახლთან უკვე იკრიბებიან. ოჯახის წევრები აგრეთვე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და გენერალურ პროკურატურას მიმართავენ - დაასახელონ ზუსტი ვადა, თუ როდის მოხდება ლავასოღლის ექსტრადიცია

"ჩემი მოთხოვნა არის ექსტრადირება. პროკურატურას დღეს ოფიციალურად მივმართავ. მერე უკვე პასუხი თუ არ იქნება, სარფს კი არა, ქალაქს გადავკეტავ მთლიანად", - აღნიშნა ლავასოღლის დამ, ირინა გორაძემ

ლავასოღლის ახლობლები იქამდე არ აპირებენ დაშლას, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

"მეორე დღეა რაც ხალხი შიმშილობს. გუშინ 4-მა კაცმა ამოიკერა პირი პროტესტის ნიშნად. იმას ნუ ელოდებიან ნურავინ, რომ ხალხი დაიღლება და აქედან წავა. არავინ წავა, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

 


close დახურვა