logo
ENG



სარჯველაძე: მე და ირაკლის ვინმეს დაკნინება არ გვინდოდა, პატიებას ვითხოვთ, თუ ასე გამოვიდა

17 აგვ 202312:47
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას "უერთდება" და "პატიებას ითხოვს", თუ ვინმეს "ღვაწლი დააკნინა".

სარჯველაძის თქმითვე, "გარკვეული ფრაზების კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელება ხდება და ეს გარკვეულ არასწორ შთაბეჭდილებას და არასწორ აღქმებს ქმნის".

"ის რაც გუშინ ირაკლიმ [კობახიძემ] თქვა, აბსოლუტურად სწორი იყო, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ის რაც ყველაზე მეტად ვაჟკაცურად გამოიყურებოდა და აბსოლუტურად კორექტული იყო, რა თქმა უნდა, არავის, არც პირველ, არც მეორე დღეს და არც არასდროს არ გვქონია სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, ჰეროიკული საქციელი და ვინმეს გმირობა დაგვეკნინებინა. ეს თქვა და ყოველგვარი მიზეზი სპეკულაციისთვის მოსპო. ძალიან დასაფასებელია, რაც ირაკლიმ გააკეთა. რასაკვირველია, მე ამ განცხადებას ვუერთდები და მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, ვინც არა თუ უბრალოდ გადარჩა, არამედ გმირობა გამოიჩინა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვთქვათ, რომ არც ირაკლის და არც მე არასდროს გვქონია განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო, ვინმეს ღვაწლის დაკნინება ნამდვილად არ გვინდოდა - რა თქმა უნდა, პატიებას ვითხოვთ, თუკი ასე გამოვიდა და ვინმეს ასეთი შთაბეჭდილება გაუჩნდა, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ"- თქვა სარჯველაძემ.

14 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. მანვე ეჭვქვეშ დააყენა სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის ისტორიაც, რომლის თანახმადაც, ის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადავიდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი "გადასამოწმებელია".

ირაკლი კობახიძის განცხადებას დაეთანხმნენ ოცნების დეპუტატებიც. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოცნების თავმჯდომარის ნათქვამი "აბსოლუტურად მართებულია".

ამავე დღეს სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას და მას შესთავაზა, რომ შოვში თავად აჩვენებდა მისი გადაადგილების ტრაექტორიას.

16 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "სინანულს გამოხატავს" იმასთან დაკავშირებით, რომ  შოვში მეწყრისას გადარჩენილ დავით ჯელაძეს "გული ატკინა".

კობახიძის თქმით, ის დავით ჯელაძეს შეხვდა და მისგან პირადად მოისმინა "წარმოუდგენელი, საოცარი ისტორია", რაც ჯელაძეს შოვში გადახადა.

 


close დახურვა