logo
ENG



სარჯველაძე: მთავარი კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან უნდა იყოს მოსალოდნელი

28 მარ 202114:29
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა

მიუხედავად კრისტიან დანიელსონის მეორედ ვიზიტისა პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, ქართული ოცნება რიტორიკას არ ცვლის და ოპოზიციის მოთხოვნებს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ "ახირებას" და "უმიზეზო პროტესტს" უწოდებს. 

პარტიის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ უცხოელი პარტნიორების მოწოდებები ოპოზიციას მიემართება და სწორედ მათგან უნდა იყოს მოსალოდნელი "მთავარი კომპრომისი". 

"იმ ფონზე, როცა არჩევნების გაყალბება არანაირად დასტურდება და რეალურად ახირებასთან გვაქვს საქმე ოპოზიციის მხრიდან, უმიზეზოდ გამოწვეული პროტესტი, რომელიც პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით გამოიხატება, როცა ვისმენთ უცხოელი პარტნიორების მხრიდან მათ შორის ოპოზიციის მისამართით პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით და სხვა კომპრომისების აუცილებლობის შესახებ, ასეთ ფონზე მნიშვნელოვანია ითქვას - მთავარი კომპრომისი, საიდან უნდა იყოს მოსალოდნელი, ეს არის ოპოზიციის მხრიდან დათმობებზე წასვლა. მნიშვნელოვანია ოპოზიციის მხრიდან დამოკიდებულება აუცილებლად შეიცვალოს და ასეთ შემთხვევაში გვქონდეს რეზულტატის იმედიც". - თქვა მან. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კრისტიან დანიელსონი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამ წუთებში ეთმანეთს ხვდებიან. 

კრისტიან დანიელსონმა, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის მიზნით მეორედ ჩამოვიდა, კიდევ ერთხელ თქვა, რომ კომპრომისის დროა. 

საქართველოს დასავლელი პარტნიორები, სავარაუდოდ, შეაჯერებენ პოზიციებს, რომლებსაც ხვალ, ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან წარმოადგენენ. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში, დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა. მისი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. დანიელსონი ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრებს 29 მარტიდან განაახლებს. 

ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოდის. მისი თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა. დანიელსონს საქართველოდან გაფრენა 14 მარტს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა პროცესში მიღწეული არასაკმარისი პროგრესის გამო ევროპელმა დიპლომატმა ვიზიტი რამდენიმე დღით გაახანგრძლივა. 

ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა. 

ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს. 

  • რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში ნახეთ აქ

ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ. 


close დახურვა