ჯანდაცვის მინისტრი, დიმიტრი სარჯველაძე ონკოპაციენტების მიერ გავრცელებულ ბრალდებას პასუხობს, რომლებმაც განაცხადეს, რომ 8 აპრილს სარჯველაძემ შეხვედრაზე "ჩხუბი და ყვირილი" დაიწყო.
ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მას პაციენტებთან კომუნიკაციისა და მიმართვის ფორმა არასდროს შეშლია და არც მომავალში შეეშლება.
ამასთანავე, მისი თქმით, ონკოპაციენტების მხრიდან პეტიციის შედგენისა თუ აქციების ჩატარების საჭიროება არ არსებობს.
"არც ერთ პაციენტთან კომუნიკაციისა და მიმართვის ფორმა არასდროს შემშლია და არც შემეშლება, არც ამიერიდან. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არც მსოფლმხედველობით და არც ჩემი ქცევით ამის საპირისპიროს თქმით მიზეზი არავისთვის მიმიცია არასდროს. არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა. საჭიროება ან პეტიციისა, ან გარკვეული აქციების ჩატარებისა და ა.შ. სამინისტროსა და პაციენტს შორის ურთიერთობაში ობიექტურად არ იარსებებს", - თქვა სარჯველაძემ.
***
ონკოპაციენტების თქმით, 8 აპრილს სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ონკოპაციენტების მისამართით "ჩხუბი და ყვირილი" დაიწყო.
ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე ტვ პირველთან საუბრისას ამბობს, რომ მინისტრი ერთ-ერთი ონკოპაციენტის მხრიდან კრიტიკამ გააღიზიანა.
მინისტრმა დაგვიწყო ჩხუბი და ყვირილი ონკოპაციენტებს. როდესაც ვუყვებოდით ჩვენს პრობლემებს და ერთ-ერთმა გააკრიტიკა ბატონი მიხეილი, ბატონი მიხეილი გამოვიდა მდგომარეობიდან და დაიწყო ყვირილი, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. ზრუნვა არ არის ყვირილი, ნამდვილად", - ამბობს გვანცა აფხაიძე.
ერთ-ერთი ონკოპაციენტის თქმით, დასმული კითხვის პასუხად მინისტრმა ონკოპაციენტები "კონფრონტაციაში" დაადანაშაულა.