ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ევროპარლამენტარების განცხადებას სანქციებზე "რამდენიმე დეპუტატის მოსაზრება" უწოდა. ჟურნალისტებთან საუბრისას, მანვე აღნიშნა, რომ გამოთქმულ მოსაზრებებზე ყურადრება ყველას მართებს, "განსაკუთრებით ოპოზიციას".
"მათი მოსაზრება მოვისმინეთ. ამ კომენტართან დაკავშირებით პოზიცია დავაფიქსირეთ, თქვენთვისაც იყო ცნობილი. არის გამოთქმული გარკვეული მოსაზრებები, რაზეც, რა თქმა უნდა, გვმართებს ყურადღება ყველას, განსაკუთრებით ოპოზიციას.
ეს არის რამდენიმე დეპუტატის მოსაზრება, აბსოლუტურად დარწმუნებით ვამბობ, რომ არავითარი საფრთხე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გაუმჯობესებას, კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე აყვანას, არ ემუქრება", - ამბობს სარჯველაძე.
საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.
მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებლები არიან ამ შედეგზე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება.
განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: დევიდ მაკალისტერი (EPP), მარინა კალიურანდი (S&D), ანდრიუს კუბილიუსი (EPP), ვიოლა ფონ კრამონი (GREENS), სვენ მიქსერი (S&D), მიხაელ გალერი (EPP) და პეტრას აუსტრევიჩუსი (RENEW).