logo
ENG



სარჯველაძე მელიას საქმეზე: რეაგირება უნდა მოჰყვეს ფაქტებს, როცა არაფრად აგდებენ სამართალს

05 თებ 202112:22
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ნიკა მელიას მიმართ პროკურატურის გაფრთხილებას "სამართლის აღსრულებად" აფასებს და არ მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური დევნაა. პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ რეაგირება უნდა მოჰყვეს ისეთ ფაქტს, რომლის დროსაც "არაფრად აგდებენ სამართალს".  

"არცერთ პოლიტიკოსს არ აქვს უფლება, საკუთარ თავს მისცეს უფლება, რომ უფრო მაღლა დააყენოს საკუთარი თავი, ვიდრე სამართალი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა მოჰყვეს ისეთ ფაქტებს, როცა არაფრად აგდებენ ჩვენს მოქმედ სამართალს და გადაწყვეტილებებს, რომელიც სამართლის აღსრულებას ემსახურება", - აღნიშნა სარჯველაძემ.

დღეს, 5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს.

ჯერჯერობით უცნობია, მივა თუ არა ბრალდებული ოპოზიციონერი საგამოძიებო უწყებაში. 

პროკურატურის განცხადებით, ნიკა მელიასთან გაფორმდება ოქმი, რომლის მიხედვითაც მას გირაოს თანხის გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთკვირიანი ვადა.

ასევე, პროკურატურში ამბობენ, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე. 

საქმე ეხება ნიკა მელიას წინააღმდეგ 20-21 ივნისის საქმეზე წარმოებულ პროცესს, რაზეც მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. 

ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით. 


close დახურვა