ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ახლობლებისთვის სანქციების დაწესება უკრაინის მხრიდან ცუდი გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, ეს არაა "პირველი შეცდომა", რომელიც უკრაინის სახელმწიფომ საქართველოსთან ურთიერთობაში დაუშვა.
"ის ხალხია ისევ, ამ გადაწყვეტილების შემოქმედი, ვინც ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. რაკი ამას ვერ მიაღწიეს პირდაპირი მოთხოვნების გზით, ახლა როგორც ჩანს, ამ სტრატეგიას მიაგნეს. ცუდია ასეთი გადაწყვეტილებების არჩევა. არ ვიცი ამის შემდეგ რა უნდა იყოს მოსალოდნელი, ალბათ დაადგებიან იმ გზას, როდესაც, მაგალითად, აფხაზეთის აღიარებას დაიწყებენ ან კიდევ რაღაც", - თქვა სარჯველაძემ.
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა, რომელიც 12 ოქტომბრით არის დათარიღებული და ძალაში დღეიდან შევიდა. შავ სიაში შესაყვან პირთა სია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოამზადა.
ე.წ. შავ სიაში არიან: ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმის ცოლი, ქეთევან ხარაიძე, რომლის სახელზეც ალექსანდრე ივანიშვილს ბიზნესები აქვს გაფორმებული. ასევე, ივანიშვილის დეიადშვილი უჩა მამაცაშვილი, მის შვილთან, ტატე მამაცაშვილთან ერთად. უჩა მამაცაშვილი რუსულ ბიზნესებთან არის კავშირში.
საერთო ჯამში, სანქციები შეეხო 3 800 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. დასანქცირებულ პირთა შორის არიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პაველ ლებედევი, ასევე ოლიგარქები სერგეი კურჩენკო და ოლეგ დერიპასკა.
სანქციები ითვალისწინებს სიაში მოხვედრილი პირების აქტივების გაყინვას, ანუ ისინი დროებით ვერ შეძლებენ საკუთარი ქონების გამოყენებასა და განკარგვას, ასევე იმ ქონების განკარგვასაც, რომელსაც ისინი ირიბად ფლობენ.
სანქციების თანახმად, ხსენებულ პირებს ეკრძალებათ არსებული კაპიტალის უკრაინის საზღვრებს გარეთ გატანა, მიწის ნაკვეთების შეძენა, ქონების გადაცემა/გასხვისება, სავაჭრო ოპერაციების შესრულება, რესურსების ტრანზიტი. სულ სანქციები 13 პუნქტისგან შედგება და მათი მოქმედების ვადა 10 წლით არის განსაზღვრული.