logo
ENG



სარჯველაძე ჩანაწერებზე: არ მგონია, გამოძიების დაწყებისთვის საკმარისი საფუძველი არსებობდეს

08 მარ 202112:18
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ TV პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყების საკმარისი საფუძველი არ არსებობს.

საქმე ეხება ტვ პირველის ეთერით 6 მარტს გავრცელებულ ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც ბერა ივანიშვილი და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ. დავალებებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელი, ანზორ ჩუბინიძე ასრულებს. 

"გამოძიებას აქვს გარკვეული წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც არსებობს საფუძველი გამოძიების დაწყებისთვის. არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი. ეს არის 2010-2011 წლების ჩანაწერებიდან გაკეთებული კომპილაციებიო, ხომ იყო ეს ნათქვამი. გამოძიება იწყება როდესაც ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს. ასე არ შეიძლება ყველაფერზე ვამტკიცებდეთ ისეთი სუბიექტური დამოკიდებულებით, როგორც ამ შემთხვევაშია საუბარი", - განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს კანონმდებლობით, მედიით გავრცელებული ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის შესახებ არის გამოძიების დაწყების საფუძველი. 

6 მარტს TV პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები 2012 წლამდე უკანონოდაა მოპოვებული და ფაბრიკაციას წარმოადგენს.


close დახურვა