logo
ENG



სასამართლო: პარტიები დეზინფორმაციას ავრცელებენ, მსგავს ბრალდებაზე პატიმრობა გამოგვიყენებია

22 აპრ 202118:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/22/sgw012j8uv93sa5.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლო, რომელმაც პოლიტიკოს გოგი წულაიას ქალზე ძალადობის ბრალდებით 19 მარტს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, აცხადებს, რომ წულაიას საქმის შესახებ ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება დეზინფორმაციას შეიცავს, რადგან, მათი თქმით, სასამართლო მსგავს საქმეებზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ბოლო წლებია ხშირად იყენებს. 

"სასამართლო განმარტავს, რომ  სქესობრივი ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებით დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის სასამართლომ ბრალდებულების  მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახედ  გასულ წლებში პატიმრობა გამოიყენა", - ვკითხულობთ განცხადებაში, - "მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებაში აღნიშნული მოსაზრება, რომ მოცემული  სახის დანაშაულის შესაძლო ჩადენისათვის აღკვეთი ღონისძიების მკაცრი  ფორმა - პატიმრობა არასდროს გამოყენებულა". 

სასამართლო აცხადებს, რომ 2019-21 წლებში იდენტური ბრალდებით სასამართლოში 7 შუამდგომლობა შევიდა, საიდანაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 6 შემთხვევაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა დღეს განაცხადა, რომ გოგი წულაიას საქმეში შერჩევითი სამართლისა და ხელისუფლების პოლიტიკური მოტივები იკვეთება, რადგან სასამართლომ სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, წულაიას შემთხვევაში აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენა, სწორედ პატიმრობის მოთხოვნით მიმართა მას პროკურატურამაც. 

"ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი რომ პროკურატურის მოთხოვნით და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღკვეთის ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე", - განაცხადეს პარტიებმა. 

განცხადებას ხელს აწერენ:

  • გირჩი-მეტი თავისუფლება
  • ევროპული საქართველო
  • მოძრაობა დროა
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ლეიბორისტული პარტია                                
  • გამარჯვებული საქართველო
  • ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
  • ახალი ქრისტიან დემოკრატები
  • სამართლიანობისთვის
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა
  • ევროპული დემოკრატები
  • კანონი და სამართალი
  • პროგრესი და თავისუფლება
  • ქართული არჩევანი
  • საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
  • ეროვნულ დემოკრატიული პარტია
  • სახელმწიფო ხალხისათვის
  • თავისუფალი საქართველო
  • სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
  • ქრისტია კონსერვატული პარტია
  • ემსახურე საქართველოს

close დახურვა