თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულ ერთ-ერთ აქტივისტს ისაკო დევიძეს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
დღეს საქალაქო სასამართლოში 19 ნოემბრის დილას, ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დაშლისას დაკავებული 13 აქტივისტიდან 3-ის - ისაკო დევიძის, ირაკლი ანდღულაძისა და დავით წოწორიას სასამართლო პროცესი გაიმართა.
საქალაქო სასამართლომ აქტივისტი ირაკლი ანდღულაძე 2 700 ლარით დააჯარიმა. რაც შეეხება დავით წოწორიას, ამ წუთებში მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
***
19 ნოემბერს, თბილისში აქციის დაშლისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 16 ადამიანი დააკავა, 3 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
დაკავებულებს შორის იყო მთავარი არხის ოპერატორი, სერგი ბარამიძე, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
გამთენიისას პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი თსუ-ის მიმდებარედ, ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა, სადაც მოქალაქეებს მეორე დღეა უწყვეტი პროტესტი ჰქონდათ და ღამეს ათენებდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ძალა გამოიყენა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს, ხოლო თბილისის მერიის სამსახურმა ჭავჭავაძის გამზირის დასუფთავება დაიწყო.
მალევე პოლიციამ მელიქიშვილის გამზირის გათავისუფლებაც მოითხოვა. პოლიცია აქციის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდა და მათი დაკავება დაიწყო.