ნიუ-მექსიკის შტატის სასამართლომ მსახიობ ალეკ ბოლდუინის წინააღმდეგ გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდება მოხსნა. საქმე 2021 წელს ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ოპერატორის მკვლელობას ეხება. მსახიობის ადვოკატების თქმით, ბრალდების მხარემ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დამალა.
უკრაინული წარმოშობის ოპერატორი, 42 წლის გალინა ხატჩინსი ერთ-ერთი სცენის რეპეტიციის დროს რევოლვერიდან გასროლით დაიღუპა. აღნიშნულ რევოლვერს, ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბოლდუინი იყენებდა და როგორც აღმოჩნდა, ის საბრძოლო ვაზნებით იყო დატენილი.
მანამდე დადგინდა, რომ ფილმის პიროტექნიკოსმა ჰანა გუტიერეზ-რიდმა შემთხვევით სარეკვიზიტო და საბრძოლო ვაზნები, რომლებიც სახლიდან მიიტანა, ერთმანეთში აურია. ამ წლის დასაწყისში ქალი გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ბოლდუინმა უხეშად უგულებელყო უსაფრთხოების ზომები. მას ასევე 18 თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. მსახიობი ბრალს არ აღიარებდა.
ბოლდოუნის წინააღმდეგ პროცესი 10 ივლისს დაიწყო და მხოლოდ სამი დღე გაგრძელდა.
ადვოკატებმა პარასკევს საქმის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ პროკურატურამ დაცვის მხარეს მთავარი მტკიცებულება - საქმეში არსებული ვაზნები არ გადასცა. ამით მათ ეჭვქვეშ დააყენეს გამოძიება და მიუთითეს იმ შეცდომებზე, რომლებიც გამომძიებლებმა ადგილზე მუშაობის დროს დაუშვეს.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაიზიარა და საქმე დახურა, ნაფიცი მსაჯულების კოლეგია კი დაშალა.
პროკურატურა ბოლდუინს ბრალს ისევ ვერ წარუდგენს, რადგან სასამართლომ საქმე სრულად მისი განახლების უფლების გარეშე დახურა.