ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული კიდევ ერთი თანამშრომლის, ლიკა მამაცაშვილის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა - კერძოდ, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მისი სამსახურიდან გათავისუფლება და ეროვნულ მუზეუმს განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.
მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ცნობით, გადაწყვეტილება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ გიორგი გოგიჩაშვილმა გამოაცხადა.
"სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ლიკა მამაცაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს ლილი მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1 800 ლარის ანაზღაურება", - აღნიშნულია განცხადებაში.
მათი ცნობით, ეს უკვე მე-11 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა სამინისტროს წინააღმდეგ მოიგეს.