logo
ENG



სასამართლომ ლევან ზურაბაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

23 ნოე 202012:23
3 წუთის საკითხავი
 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი-ზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაკავებულისთვის პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა. პროკურორის, ლუკა გამყრელიძის განცხადებით, პატიმრობა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხის გამო მოითხოვეს.  

მისივე თქმით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით, ფსიქიატრიული ექსპერტიზაა დანიშნული.

"ეს დაადგენს როგორც დანაშაულის ჩადენის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე იმ გარემოებას, ხომ არ წარმოადგენს იგი საფრთხეს საზოგადოებისათვის", - თქვა პროკურორმა.

რაც შეეხება კითხვას, მოახდენს თუ არა ექსპერტიზის დასკვნა გავლენას საქმის წარმოებაზე, გამყრელიძემ ასე უპასუხა: "დასკვნით დადგინდება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დანაშაულის ჩადენის დროს.  ეს რა თქმა უნდა გავლენას მოახდენს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი".

წერეთლის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი 20 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ორი ან მეტრი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი-ის შენობაში ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს შეიჭრა. მან 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელმა ჯერ 2 ადამიანი გაათავისუფლა და შემდეგ კიდევ 4. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან იმყოფებოდა სპეცრაზმიც.


close დახურვა