თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, კერძოდ სექსუალურ შევიწროებად მიიჩნია ტაქსისტის მხრიდან ქალისადმი რეპლიკა მის გარეგნობაზე და ტაქსისტს ჯარიმა დააკისრა.
მოქალაქე სოფო გოგსაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 2 ივნისს ბარნოვზე ტაქსის მძღოლმა მანქანა მასთან ახლოს გააჩერა და მიაძახა "რა არის რამხელა ბაყვები გაქვსო".
გოგსაძემ მანქანის ნომრის ჩაწერა მოასწრო და პოლიციაში განაცხადა. სასამართლო პროცესი 29 ივნისს გაიმართა.
გოგსაძის თქმით, სხდომაზე ტაქსის მძღოლი ფაქტის უარყოფას ეცადა, შემდეგ კი სასამართლო დარბაზში "წამოდგა და კაბის ზომის და სიგრძის შემოწმება დაუწყო".
სოფო გოგსაძის ცნობით, ტაქსისტს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166 მუხლის პრიმა 1 ნაწილით ჰქონდა წაყენებული, რაც სექსუალურ შევიწროებას გულისხმობს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დაუმტკიცდა და ჯარიმა დაეკისრა.
"დილით 2 ივნისს ჩემთვის შეხვედრისთვის გამოწყობილი მოვსეირნობდი ბარნოვზე, ტაქსის მძღოლმა საკუთარ თავს უფლება მისცა მომიჩერა მანქანა და "რა არის რამხელა ბაყვები გაქვსო" მომაძახა.. მანქანის ნომრის ჩაწერა მოვასწარი და მეგობრის რჩევით განვაცხადე პოლიციაში.
ამ დროის განმავლობაში იყო რამდენიმეჯერ მისვლა პოლიციაში, ოქმების შედგენა და ასე შემდეგ. ამ კვირის დასაწყისში დამირეკეს რომ სასამართლო ჩაინიშნაო დღეს, 29 ივნისს.
გამოვცხადდი მეც და ისიც. ჩვენების მიცემისას მკითხეს ყველაფერი, თუ მახსოვდა რა ეცვა მძღოლს რა მეცვა მე და ასე შემდეგ. ზუსტად იგივე კაბა მეცვა რაც იმ დღეს, და ეს ვახსენე კიდევაც. როცა მოვრჩი და კითხვის დასმის საშუალება ჰქონდა ბატონს, იცით რა ქნა? "მანახე ერთი რა კაბა გაცვიაო" წამოდგა და კაბის ზომის და სიგრძის შემოწმება დამიწყო...... იმის განსჯა ეს რას ნიშნავს თქვენთვის მომინდვია.
სასამართლო დასრულდა, დაუმტკიცდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ჯარიმა.
დილით ცოტათი მეცოდებოდა სანამ სასამართლოში მივიდოდი, მაგრამ მას მერე რაც იკადრა მივხვდი რომ ის ჯარიმაც კი ცოტაა მისთვის.
ასეთი ადამიანები ბევრია ვინც ბევრის უფლებას აძლევს საკუთარ თავს სამწუხაროდ, მაგრამ ეს ერთი შემდეგისთვის იმედია დაფიქრდება მანამ სანამ რამეს იტყვის." - წერს სოფო გოგსაძე.