logo
ENG



სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია აიდა ბალაფკანის საქართველოში არშემოშვების გადაწყვეტილება

06 ივლ 202312:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/06/usm2bjbslkmvbk4.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2022 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ლონდონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტის აიდა ბალაფკანის საქართველოში არ შემოშვების შესახებ. 

ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზღვრის კვეთის გადაწყვეტილებების მიმღები დაწესებულებები  დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების გზით, უცხოელთა უფლებების შემლახველ პრაქტიკას ამკვიდრებენ.

"სასამართლოში საქმის განხილვისას დეპარტამენტი მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება დაეფუძნა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, რომლის გამოც თითქოს აიდას შემოშვება სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ქვეპუნქტი დეპარტამენტის მიერ სისტემატურად გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი საფუძველი, რომელიმე სხვა საკანონმდებლო აქტზე მიუთითებლად, ასევე სისტემატურია დეპარტამენტის მსგავსი პოზიციონირება სასამართლოში, რაც სახელმწიფო საიდუმლოებაზე მითითებით ყოველგვარ რეალურ არგუმენტაციაზე და დასაბუთებაზე უარის თქმას გულისხმობს.

დღეს სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია, რომ აიდა ბალაფკანის საქართველოში არ შემოშვების გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონო იყო. აღნიშნული საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზღვრის კვეთის გადაწყვეტილებების მიმღები უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებები კანონმდებლობის ვიწრო და ადამიანის ძირითადი უფლებებისგან იზოლირებულად განმარტების, დისკრეციული უფლებამოსილების თვითნებობად გადაქცევის და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების გზით, ამკვიდრებენ უცხოელთა უფლებების შემლახველ პრაქტიკას", - აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

2022 წლის 26 აპრილს წარმოშობით ირანელი, ბრიტანეთის მოქალაქე მკვლევარი, აიდა ბალაფკანი ქვეყანაში არ შემოუშვეს. მკვლევარი რადიო თავისუფლებასთან ყვებოდა, რომ ამის მიზეზი მისი ეთნიკური წარმომავლობა გახდა.

აიდამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა 2014 წელს მიიღო. დღეს ის ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ანთროპოლოგიის განყოფილების დოქტორანტია და სადოქტორო ნაშრომს წერს ხალიჩებისა და ტრადიციული ქსოვილების შესახებ. საქართველოში მეუღლესთან ერთად 26 აპრილს ჩამოფრინდა, ჰქონდა სასტუმროს ჯავშანი და უკანა გზის ბილეთიც. ქვეყანა 17 მაისს უნდა დაეტოვებინა. ჩამოსვლა აიდას პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოუწია. ის სადოქტორო ნაშრომზე მუშაობას აპირებდა და ანთროპოლოგიური კვლევის ჩატარებას გეგმავდა.

მისი უკან გაბრუნების მიზეზი ბუნდოვანია. მხოლოდ ის უთხრეს, რომ გადაწყვეტილება "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის საფუძველზე მიიღეს. ამ კანონის ჩანაწერით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი შეიძლება ეთქვას, "საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში". რა იგულისხმება, სხვა შემთხვევებში აიდას მაგალითზე ეს უცნობია. აიდასგან განსხვავებით, საზღვარი გადმოკვეთა მისმა მეუღლე, რომელიც, ასევე, ბრიტანეთის მოქალაქეა.


close დახურვა