logo
ENG



სასამართლოს გუშაგი: 3 მოსამართლე უვადოდ პროცედურის დარღვევით გააწესეს

04 ნოე 202312:13
3 წუთის საკითხავი
 
სასამართლოს გუშაგი: 3 მოსამართლე უვადოდ პროცედურის დარღვევით გააწესეს

არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის ინფორმაციით, უვადოდ დანიშნული 26 მოსამართლიდან 3 კანონით დადგენილი პროცედურის დარღვევით გააწესეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეები უვადოდ 3 ნოემბერს გააწესა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 23 მოსამართლე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, 2020 წლის 1-ლ დეკემბრიდან ახორციელებდა სამოსამართლო საქმიანობას, ხოლო 3 - 2019 წლის 3 ივნისიდან (მოსამართლეები: ალექსანდრე ლომიძე, ფატი ფურცხვანიძე და ლელა ჭინჭარაული).

"ზემოთ აღნიშნული სამივე მოსამართლე გამოსაცდელ ვადაში იმყოფებოდა და ისინი ყოველწლიურ შეფასებას ექვემდებარებოდნენ. ვინაიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად არ იყო დაკომპლექტებული (პარლამენტი არ ირჩევდა არამოსამართლე წევრებს), საბჭომ, კანონით დადგენილი წესით შეფასების გარეშე, სამ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა მათ წარმოებაში არსებული საქმეების განხილვის დასრულებამდე, 2022 წლის 2 ივნისს გაუხანგრძლივა.

საბოლოოდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნულ მოსამართლეების უვადო გადანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო არა გამოსაცდელი ვადის დაწყებიდან 3 წლის თავზე, როგორც ამას “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი ითვალისწინებდა, არამედ - 4 წლის შემდეგ", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნინო გიორგაძის გარდა, ყველა მოსამართლე დანიშნა უვადოდ, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 1 დეკემბერს ეწურებოდათ. სასამართლოს გუშაგში მიაჩნიათ, რომ გიორგაძის არდანიშვნა, რომელსაც საბჭომ გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობაც კი არ მისცა, ატარებს სანქციის შინაარსს მოსამართლის წინააღმდეგ.


close დახურვა