თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების მოსმენა არის დაგეგმილი.
დაკავებულთა ოჯახის წევრების განცხადებით, პროკურატურა მათ მოტყუებით საპროცესო გარიგებას სთავაზობდა, თუ კი ბრალდებულები ბრალს აღიარებდნენ, რასაც ისინი არ დასთანხმდნენ.
ადვოკატის განცხადებით კი, სახელმწიფო ბრალდებამ ამ დრომდე ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რაც დაკავებულთა ბრალეულობას დაამტკიცებს. ადვოკატები აღნიშნავენ, რომ დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს. სამოქალაქო აქტივისტებმა ამ ფორმით სოლიდარობა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებს და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მეწილეს გიორგი რურუას გამოუცხადეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით სასამართლოში მიმდინარე დავები ადასტურებს, რომ ხელისუფლება ძალოვანი უწყების წარმომადგენლებისა და სასამართლოს გამოყენებით ცდილობს გაუსწორდეს იმ ადამიანებს, რომელიც მათ პოზიციებს არ იზიარებენ ან არიან პოლიტიკური ოპონენტები.