თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან. რურუა არ აღიარებს და ამბობს, რომ მას იარაღი ჩაუდეს.
ამასთან, მთავარმა არხმა კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს რომ არხის ერთ-ერთ დამფუძნებელს დნმ-ის ნიმუშს ძალის გამოყენებით უღებენ. რურუას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დნმ-ის დასკვნის გაყალბება შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხია.
„გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ სინამდვილეში ეს არ არის საგამოძიებო მოქმედება, ეს არის უბრალოდ პირადი ნივთების მოპარვა. ნივთების ამოღების მიზანი იყო დნმ-ის დასკვნის გაყალბება. ეს არის შსს-ს პასუხისმგებლობა, რადგან ეს პირები არიან პოლიციელები ვინც ძალადობენ და აყალბებენ დოკუმენტს. შევთანხმდით, რომ 6 იანვარს შევიდოდით ყველა, მაგრამ იმავე დღეს, 3 იანვარს შევიდნენ გიორგის საკანში“, - ამბობს საძაგლიშვილი.
რაც შეეხება ბრალდების მხარეს, საქმის პროკურორი ამბობს, რომ საკანში შესვლა მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.
"მოცემული საგამოძიებო დროს ამოღებული მტკიცებულებები, გადაღებული კადრები არ წარმოადგენს ბრალდების მხარის მტკიცებულებას და გამოკვლევაც მათ არ უტარდებათ. საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შესაბამისად ხდება პროპორციული იძულებული ღონისძიების გამოყენება", - აღნიშნა პროკურორმა.