logo
ENG



სასამართლოში ოქრუაშვილის მძღოლი და ბიოლოგიური ექსპერტი დაკითხეს

24 თებ 202014:16
3 წუთის საკითხავი
 

თბლისის საქალაქო სასამართლოში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებული და ბიოლოგიური ექსპერტი დაიკითხა.

კობა კოშაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი არ ჰქონია და ის სამართალდამცველებმა ჩაუდეს. ბრალდებული ასევე ამბობს, რომ პოლიციის სამმართველოში მას დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი, გარიგებას სთავაზობდნენ.

რაც შეეხება ბიოლოგიური ექსპერტის დასკვნას, მან დღევანდელ პროცესზე განაცხადა, რომ იარაღზე კობა კოშაძის ბიოლოგიური მასალა არ ამოვიდა.

„ნამდვილად კოშაძის ხელში რომ ყოფილიყო ეს იარაღი, შეხებითაც გადადის ბიოლოგიური მასალა ნივთზე და ბუნებრივია, მისი ბიოლოგიური კვალი უნდა დარჩენილიყო, მაგრამ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს იყო ჩადებული“, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

ბრალდების მხარე თავის მხრივ ამტკიცებს, რომ კოშაძე არარეგისტრირებულ მაკაროვის ფირმის იარაღს უკანონოდ ფლობდა.

„დაცვის მხარე უბრალოდ აპელირებდა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომ კობა კოშაძის დეენემის მასალა არ აღმოჩნდა იარაღზე და ამასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო, რომ დაიკითხა ბიოლოგიური ექსპერტი, რომელმაც განაცხადა, რომ იარაღზე უბრალოდ არ იყოს საკმარისი მასალა“, - აღნიშნა პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა. ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის გასული წლის 17 ივლისს დააკავეს. 


close დახურვა