არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესზე არსებულ დარღვევებზე მიუთითებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი გია გვილავა აცხადებს, რომ დარღვევები, რომლებიც სასამართლოზე გამოვლინდა, სასამრთლო ხელისუფლებაზეა ჩამოკიდებული.
„მესამე დღეა საქმეები იხილება სასამართლოში, ასეთი პრეცედენტი ჩვენ აქამდე არ გვინახავს. ასეთი არეული სასამართლო პირადად მე პირველად ვნახე და ეს არეულობა ხდება დაკავებულთა ხარჯზე. იმ ადამიანების უფლებები ირღვევა, ვისი საქმეებიც განიხილება. პირველივე დღეს გვყავდა უკანონო პატიმრები, რომელთა დაკავებაც 12 საათს გადასცილდა და ღამის ორ საათზე იძლებული იყო გაეშვა. უკიდურესად შემაშფოთებელი იყო დამოკიდებულება მტკიცებულებების მიმართ. რა თქმა უნდა ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სასამრთლო ჩამოკიდებულია ხელისუფლებაზე, როცა პოლიტიკური ინტერესი არსებობს“, - აცხადებს გია გვილავა.
საია-ს იურისტი სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ არსებობს ეჭვი, რომ კონკრეტული მოსამართლე კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის იყო შერჩეული.
„კონკრეტული მოსამართლის, გუშინ გავრცელებული ე.წ. სქრინშოტების მერე, სადაც წერს, რომ ამაყობს ამ სისტემით, ძლიერდება ეჭვი, რომ მოსამართლე შერჩეული იყო კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად. ან როგორც მინიმუმ, იყო ინტერესი მეტი საშუალება ჰქონოდა ხელისუფლებას, დაინტერესებულ ჯგუფებს, რომ ყოფილიყვნენ დარწმუნებული მათთვის მისაღები გადაწყვეტილება მიღებაში“, - აცხადებს სალაძე.
„ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო“ ქეთი ხუციშვილი კი აცხადებს, რომ განსაკუთრებით შემოშფოთებელია ის ფაქტი, რომ ყველა საქმის მოწმე ერთი პოლიციელი იყო.
„ამ პროცესებში განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ის, რომ ყველა საქმეზე მოწმე ერთიდაიგივე პოლიციელი იყო. საეჭვო იყო მოსამართლის ქცევა, რომელიც როგორც ჩანს ღიად გამოხატავს მხარდაჭერას მმართველი გუნდის მიმართ. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ეს პროცესები უკვე არის პოლიტიკურად მოტივირებული და მოსამართლეს დავალებული აქვს მაქსიმალურად გამოიყენოს ადმინისტრაციული კოდექსი“, - აცხადებს ხუციშვილი.