logo
ENG



სასულიერო პირების მხრიდან არასრულწლოვნებზე ძალადობა - პროკურატურა ბრალდებებზე არ რეაგირებს

07 ნოე 201919:33
3 წუთის საკითხავი
clock 690
fxekdsf9446dgh5.jpg

მეუფე ზოსიმეს შემდეგ, სექსუალურ ძალადობაში მამა გიორგი სხილაძე ქაშვეთის ეკლესიის მოქმედ მღვდელს ადანაშაულებს. სასულიერო პირების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ შესაძლო სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაზე საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა მღვდელმა „ფორმულასთან“ გუშინ საღამოს ისაუბრა. სასულიერო პირი ამბობს, რომ თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მოქმედი მღვდელმა არასრულწლოვან გოგოზე სექსუალური ძალადობა სცადა. გიორგი სხილაძე სასულიერო პირის ვინაობას არ ასახელებს. გარდა ამისა, მამა გიორგი სხილაძე „ფორმულასთან“ ინტერვიუში სასულიერო პირებს კიდევ ერთ მძიმე ბრალდებას უყენებს და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებს. განცხადებების შემდეგ საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა მღვდელმა საქართველო დატოვა. საპატრიარქოს ეჭვი აქვს, რომ 30 წლის წინანდელი შესაძლო დანაშაული სასულიერო პირმა მიზანმიმართულად გაასაჯაროვა.

შესაძლო სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ ქაშვეთის ეკლესიაში, თუმცა არც კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ მსგავსი შემთხვევა შეიძლებოდა მომხდარიყო. მამა ელიზბარ ოდიშვილი, რომელიც უკვე 38 წელია აქ მსახურობს, ამბობს,რომ რამდენიმე ეპისკოპოსს მღვდელ მოქმედება შეუჩერეს . თუმცა, კონკრეტულ შემთხვევის გახსენება უჭირს. საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მღვდლის ბრალდებებს არ ადასტურებენ საპატრიარქოში. საპატრიარქოს პრეს-სპიკერი ანდრია ჯაღმაიძე ეკლესიის წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულებაზე მიანიშნებს და ამბობს, რომ მისთვის საეჭვოა როგორც გიორგი სხილაძის საქართველოში ვიზიტი, ასევე მის მიერ გაკეთებული განცხადებები. თუმცა, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ რამდენიმე შემთხვევაში მღვდელმსახურებს მსახურების უფლება ბრადლებების გამო ნამდვილად შეუჩერდათ, მათ შორის ბორჯომ- ბაკურიანის მეუფე სერაფიმე ჯოჯუასაც, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ სექსუალურ ძალადობაში იყო დადანაშაულებული.

დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა მამა დავით ისაკაძემაც, რომელიც „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" ხელმძღვანელია. ისაკაძე მეუფე გრიგოლს ადანაშაულებს მეუფე პეტრე ცაავას მხარდაჭერაში და აცხადებს, რომ ეს არ იყო სწორი საქციელი და მეუფე გრიგოლს სინოდის გადაწყვეტილება არ უნდა გაეკრიტიკებინა. დავით ისაკაძე აცხადებს, რომ მეუფე გრიგოლის საკითხიც უნდა დაისვას წმინდა სინოდის სხდომაზე.

სასულიერო პირების მხრიდან შესაძლო სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს ოპოზიცია და სახალხო დამცველიც. ომბუდსმენმა ძალოვან უწყებებს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. ნინო ლომჯარია მედიით გავრცელებულ განცხადებებში რამდენიმე დანაშაულის ნიშანს ხედავს. გამოძიების დაწყებას ითხოვენ არასმათავრობო ორგანიზაციებშიც.

სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის სავარაუდო შემთხვევებზე პროკურატურას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწია. უწყებაში არც იმას განმარტავენ გამოიძიეს თუ არა რამდენიმე წლის წინ ბორჯომ-ბაკურიანის ეპისკოპოსის მიმართ გამოთქმული ბრალდებები. მეუფე სერაფიმე ჯოჯუას არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

 

 


close დახურვა