ქართული ოცნების მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
კობახიძის თქმით, კომისიის მიზანია, შესაბამის მხარეებთან მსჯელობის შედეგად დაადგინოს, როგორ მუშაობს ფასის დადგენის ჯაჭვი და სად არის სივრცე ფასების შემცირებისთვის.
"პირველადი კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც ჩვენი აზრით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დავინტერესდით, მე პირადად ვნახე მაგალითად, გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი შეადგენს 20-დან 30%-მდე ანუ ეს არის სტანდარტული ფასნამატი. ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. ამ 86%-ის ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე - 44%-ია წილი და შედარებით მცირეა წილი ქსელური მარკეტების შემთხვევაში. ჯამში არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად უფრო მაღალი ფასები. ზოგიერთ შემთხვევაში არის 50%-ით მაღალი ფასი, არის ორჯერ-სამჯერ მეტი ფასი, ანუ საკმაოდ დიდია სხვაობა ფასებს შორის. როდესაც ბიზნესი თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს, ბუნებრივია, ამას თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა აქ შემოდის სოციალური ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ეს ინტერესები და ყველამ ერთად გვინდა, რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე", -თქვა კობახიძე,
პრესსამსახურის ცნობით, კომისიის სხდომას დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად, 15-მდე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
მათივე ინფორმაციით, მომავალი კვირიდან მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით.
22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქსელურ სუპერმარკეტებში შევიდა.
მათი ცნობით, "ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით".
