logo
ENG



საფრანგეთის ევროპის მინისტრი: საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება

22 ივნ 202221:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/22/c3uv7e3a6tedah1.png

საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი ევროპულ საკითხებში, კლემენტ ბონი ამბობს, რომ საქართველოში საჭიროა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

ბონი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ევროპარლამენტში დღეს 23-24 ივნისის ევროპული საბჭოს სხდომის შესახებ იმსჯელეს.

ბონმა განაცხადა: 

"ევროკომისია მომდევნო დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. მჯერა და ვიმედოვნებ, რომ კონსენსუსი შედგება შეთანხმებაზე, რომლითაც ევროკომისია გაგზავნის სიგნალს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. 

ეს არ უნდა აგვერიოს ევროკავშირის დაუყოვნებლივ წევრობაში. არსებობს სხვადასხვა შეხედულება. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სწრაფი, მაგრამ მომთხოვნი. საქართველომ გამოხატა ევროპული პერსპექტივის მკაფიო სურვილი. ვფიქრობ, რომ არის სხვადასხვა ქმედება, რომელთა განხორციელება საჭიროა, მაგალითად, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება". 

17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა, რაც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა.  

24 ივნისს ევროპული საბჭო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. 


close დახურვა