საფრანგეთის საელჩო საქართველოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში საფრანგეთი საქართველოს მთავრობისგან რეფორმებზე კონცენტრირებას ელის.
"საფრანგეთმა ცნობად მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მთავრობის მხარდაჭერით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის დადასტურების შესახებ.
ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როცა ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა და თანმიმდევრულობა უნდა ჭარბობდეს, საფრანგეთი ელის საქართველოს მთავრობისგან, რომ ის მოახდენს პასუხისმგებლობის დემონსტრირებას და თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ყველა რეფორმის განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, რაც დაკავშირებულია, კერძოდ, ევროკომისიის მიერ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შესახებ 2022 წლის ივნისის დასკვნაში განსაზღვრულ 12 პრიორიტეტთან", - აღნიშნულია განცხადებაში.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.
სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.