დღეს, 24 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ფრანგებმა არჩევანი ემანუელ მაკრონსა და მარინ ლე პენს შორის უნდა გააკეთონ.
მაკრონი იდეოლოგიურად ცენტრისტია და საფრანგეთის ევროკავშირში ყოფნის მომხრეა, ლე პენი კი ულტრა-მემარჯვენე იდეოლიგიის მქონე კანდიდატია და ევროკავშირისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი.
21 აპრილს გამართული დებატების შემდეგ მაკრონს გამოკითხულთა 55.5-დან 57.5%-მდე უჭერდა მხარს. ლე პენს კი 42.5-დან 44.5%-მდე. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, წინა არჩევნებზე, მაკრონს 66%, ლე პენს კი 34%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.
საარჩევნო უბნები დღეს, დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 8-ზე დაიხურება.
კვლევითი ცენტრი Elabe-ს დირექტორი ბერნარდ სანანესი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეგზიტპოლებში მაკრონი ლიდერობს, გამარჯვებულის ბედი შესაძლოა იმ კანდიდატების ამომრჩეველთა ხმებმა გადაწყვიტოს, ვინც მეორე ტურში ვერ გადავიდა. სანანესის თქმით, ორივე კანდიდატს დიდი სისუსტეები აქვს.
„ემანუელ მაკრონს ქედმაღლად 2-დან მინიმუმ 1 ამომრჩეველი მიიჩნევს და მარინ ლე პენი კი ნახევარზე მეტს საშიშად მიაჩნია“, - აცხადებს Elabe-ს დირექტორი.
ლე პენის კამპანია ორიენტირებულია საფრანგეთში ცხოვრების მზარდ ფასზე, რაშიც ის მაკრონს ადანაშაულებს და „ჩვეულებრივი ხალხისადმი ელიტისტურ ზიზღში“ სდებს ბრალს.
ლე პენი აცხადებს, რომ მისი მიზანი პრიორიტეტის ფრანგი მოქალაქეებისთვის მინიჭებაა და ის სოციალური დახმარებები და სამუშაო ადგილები, რასაც უცხოელები იღებენ, მისი არჩევის შემთხვევაში ფრანგებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, განურჩევლად მათი რელიგიისა თუ წარმომავლობის.
მაკრონი ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომის საშიშროებაზე საუბრობს, ვინაიდან ლე პენის კამპანიის ნაწილი საჯარო სივრცეებში მუსლიმური სამოსის აკრძალვაა.
აღსანიშნავია, რომ მაკრონის დაგეგმილ ბიზნესის მხარდამჭერ რეფორმებს, მათ შორის საპენსიო ასაკის 62-დან 65 წლამდე გაზრდას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რაც შესაძლოა, მისი გამარჯვების შემთხვევაში საპროტესტო აქციებით გაგრძელდეს.
ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ საფრანგეთის შიდა და საგარეო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი კეთილგანწყობა კანდიდატ ლე პენს წარსულში არაერთხელ გამოუხატავს. მოქმედი პრეზიდენტი სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს მოუწოდებს რადიკალურ მემარჯვენე კანდიდატთან ბრძოლაში მას დაუჭირონ მხარი. მაკრონმა ოპონენტი პუტინისადმი მხარდაჭერაში ბოლო საპრეზიდენტო დებატებისასაც დაადანაშაულა.
ლე პენმა კი განაცხადა, რომ უკრაინას მხარს უჭერს. ასევე მომხრეა რუსეთისადმი სანქციების დაწესებას ემხრობა, თუმცა არ ეთანხმება რუსეთისგან ნავთობისა და გაზის მიღების აკრძალვას, რადგან ეს, მისი აზრით, "ევროპისთვის ჰარაკირი იქნება".