თბილისის საქალაქო სასამართლომ მაკო გომურის სარჩელის განხილვა დაიწყო. 20 ივნისის აქციის ძალადობრივად დარბევისას დაზარალებულმა შსს-ს წინააღმდეგ სარჩელი 2021 წლის 2 დეკემბერს შეიტანა, თუმცა საქმის განხილვა 2 წლის შემდეგ დაიწყო. ის ჯანმრთელობისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასა და შრომისუნარიანობის შემცირების გამო სარჩოს დაკისრებას მოითხოვს.
"2021 წლის 2 დეკემბერს შევიტანე სარჩელი, ამდენი ხნის შემდეგ დღეს პირველად ჩაინიშნა სხდომა, იქამდე გვყავდა სხვა მოსამართლე, რომელმაც არც ერთხელ არ ჩანიშნა. [...] როდესაც სახელმწიფო მეუბნება, რომ შენ ხარ ჩვენგან დაზარალებული, როდესაც მომცეს უკვე დაზარალებულის სტატუსი, ვერ ვხვდები ახლა რა საჭირო იყო ამ პროცესების გაწელვა, იმიტომ რომ ფაქტობრივად თვითონ აღიარეს უკვე დანაშაული და თქვეს, რომ ჩვენი დანაშაულია, რაც მაკო გომურს დაემართა. თუმცა, რაღაც მხრივ, შეიძლება არ უნდოდათ თავიანთ რეპუტაციას კიდევ ერთი ზიანი მისდგომოდა", - აცხადებს მაკო გომური.
ადვოკატი ილონა დიასამიძე ამბობს, რომ პოზიტიური მოლოდინი აქვთ და სარჩელის დაკმაყოფილებას ელიან. მისი თქმით, საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგაა და შესაბამისად, მან უნდა აგოს პასუხი.
"ჩვენ მოვითხოვეთ მორალური ზიანი, ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანიდან გამომდინარე და ასევე, მოვითხოვეთ მატერიალური ზიანი ყოველთვიური სარჩოს სახით, იმიტომ რომ, როგორც იცით, შრომისუნარიანობის შემცირებასთან გვაქვს საქმე. ეს არის საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც ჩაიდინა გადაცდომები, დანაშაული, შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა აგოს პასუხი ამაზე და სწორედ ამ პასუხისმგებლობის აღებისათვის მივმართეთ ამ სარჩელით და რასაკვირველია, მოლოდინი გვაქვს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს", - აცხადებს მაკო გომურის ადვოკატი ილონა დიასამიძე.
მაკო გომური 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდა. შსს-ს მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების სროლის შედეგად მაკომ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო. კერძოდ, მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა თვალში, რის შედეგადაც დაკარგა თვალი.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას მიღებული აქვს სხეული დაზიანება მძიმე ხარისხით, რამაც გამოიწვია საერთო შრომისუნარიანობის შემცირება. საქმეზე, მოსარჩელის ინიციატივით, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, რომლებსაც ეფუძნება სასარჩელო მოთხოვნები.
საიას 20-21 ივნისს დაზარალებული 8 პირის სახელით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით უკვე აქვს სარჩელები სასამართლოში წარდგენილი.