logo
ENG



საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის განხილვა ხელახლა დაიწყება

20 სექ 202315:28
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, 7 ნოემბრის საქმის განხილვა ხელახლა დაიწყება.

შესაბამისი შუამდგომლობა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენეს.

საქმის ხელახლა გამოკვლევის მიზეზი მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის პენსიაზე გასვლა და კოლეგიაში მისი ახალი წევრით ჩანაცვლებაა.

საქმის ხელახლა განხილვა მტკიცებულებების თავიდან განხილვასა და ყველა მოწმის თავიდან გამოკითხვას გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ საქმეში ძირითადი საგამოძიებო ნაწილი მიმდინარეობდა მაშინ, როდესაც გენერალური პროკურორი თანამდებობას ოთარ ფარცხალაძე იკავებდა.

"აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მტკიცებულებების მოპოვების პროცესს საპროცესო ზედამხედველობას რეალურად უწევდა ოთარ ფარცხალაძე. შეიძლება, ფორმალურად მისი ხელმოწერილი დოკუმენტი არ იყო საქმეში, მაგრამ მტკიცებულებების მოპოვების პროცესში ოთარ ფარცხალაძე იყო გენერალური პროკურორი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ საქმეზე საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებს გენერალური პროკურორი, რომელიც აღმოჩნდა, რომ ოკუპანტი ქვეყნის აგენტია, წარმოდგენილი მტკიცებულებები როგორ შეიძლება სასამართლოს მიერ შეფასდეს?"- თქვა პროცესზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

დღევანდელ სასამრთლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილიც. მან საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. წარდგენილი ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა