საქართველო არ გაისუსება - ამ ლოზუნგით გამართეს აქცია პოლიტიკური პარტია „გირჩის“ აქტივისტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ამ ფორმით აქციის წარმომადგენლები სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ, რომელმაც აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის წინ პროპორციულ საარჩევნო სისტემას მოითხოვდნენ, ტერორისტები უწოდა.
„გირჩის“ აქტივისტების თქმით, მათი მთავარი მიზანი არის ის, რომ მოქალაქეების გადახდილი ხელფასით ვიწრო პოლიტიკურმა ჯგუფებმა არ გაატარონ თავიანთი ინტერესები.
„გირჩის მიზანიც ეს არის, რომ პოლიტიკა შეიცვალოს იმგვარად, რომ ჩვენი გადახდილი ხელფასით ვიწრო პოლიტიკურმა ჯგუფებმა არ გაატარონ თავიანთი ინტერესები და დანარჩენი მოსახლეობა ხარკის გადახდის სახით არ გვაცხოვრონ. სხვა მიზანი ამ ეტაპზე არ გვაქვს. შეწყდეს პოლიტიკური მიზნებით სახელმწიფო სტუქტურების გამოყენება“, - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
აქციის მონაწილეები ასევე აცხადებენ, რომ საპროტესტო მუხტის ჩახშობის მიუხედავად, საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არ დათმობს ხელისუფლებას, არ შეასრულებს აქციაზე შეკრებილი ადამიანების მოთხოვნას და არ ჩაატარებს რიგგარეშე არჩევნებს პროპოციული წესით.
„ჩვენ გვინდა ვუთხრათ, რომ არ ვაპირებთ გაჩუმებას და ვიბრძოლებთ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნების მისაღებად “, - განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ლევან ჯგერენაიამ.