უკვე 6 თვეა, საქართველო ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებას ბიძინა ივანიშვილის კომპანიის სასარგებლოდ არღვევს. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის დეკემბრამდე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეგისტრაციიდან უნდა მოეხსნა და ექსპლუატაციიდან ამოეღო ყველა რუსული წარმოების ვერტმფრენი.
სამოქალაქო ავიაციის რეესტრის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის სულ 11 მი-8 და მი-17 ტიპის ვერტმფრენია რეგისტრირებული. აქედან 8 ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანია „ავიასერვისს“ ეკუთვნის, 3 კი ავიაკომპანია „თუშეთს".
სააგენტოს ყოფილი მაღალჩინოსანი „ფორმულას" უყვება, რომ ვერტმფრენების ექსპლუატაციიდან ამოღებას საკმაოდ მკაცრად ითხოვს ევროკომისია. იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა კიდევ მოითხოვს გადავადებას, შესაძლოა ეს ასოცირების ხელშეკრულების დარღვევად ჩაითვალოს და ქვეყანას სანქციები დაეკისროს.
ევროასოცირებით ნაკისრი ვალდებულებებით, რომელსაც ხელი ქვეყანამ 2010 წელს მოაწერა, საბჭოთა წარმოების ვერტმფრენების ეტაპობრივად ამოღებას უკავშირდება. საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიას ვალდებულების გადადება 3-ჯერ სთხოვა, მიზეზით, რომ მი-8 ტიპის საფრენი აპარატები საქართველოს რელიეფიდან გამომდინარე აუცილებელია. თუმცა, რეგისტრირებული 11 ვერტმფრენიდან 10 საქართველოში ბაზირებული არ არის. ევროკომისია თვლის, რომ საბჭოთა წარმოების ვერტმფრენები უსაფრთხო საფრენი აპარატები არ არის.
ვერტმფრენები ახლო აღმოსავლეთში ასრულებენ მისიებს - ამას „ავიასერვისის“ ხელმძღვანელი ადასტურებს. კითხვაზე, რატომ არ სრულდება საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ტყემალაძე ამბობს, რომ კიდევ ერთხელ გადავადებაზე სახელმწიფო სტრუქტურები ევროკომისიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ხელმძღვანელისგან განსხვავებით, კითხვებს არ პასუხობენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. დირექტორის მოადგილე მხოლოდ იმას გვიდასტურებს, რომ ვადების ამოწურვის მიუხედავად, რუსული წარმოების ვერტმფრენებით კერძო კომპანიები ოპერირებენ. ინფორმაციის დაზუსტება სააგენტოს პრესსამსახურსაც ვთხოვეთ, თუმცა, მან კითხვებზე პასუხი არ გაგვცა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ევროკომისიას უკვე მეოთხედ სთხოვს გამონაკლისის სახით საქართველოს საბჭოთა წარმოების ვერტმფრენების გამოყენებაზე ნებართვა მისცეს. გადაწყვეტილების მიღებამდე, უკვე 6 თვეა შეთანხმება ირღვევა. თუკი ევროპის საბჭოს მკაცრ მოთხოვნას ქვეყანა არ შეასრულებს და ივანიშვილის კომპანიას ვერტმფრენების ექსპლუატაციიდან ამოღებას არ მოსთხოვს, შესაძლოა ქვეყანა შავ სიაში მოხვდეს და საერთაშორისო ფრენების უფლება შეეზღუდოს.