საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუქარესტში ხელს მოაწერა შეთანხმებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
ხელმოწერის ცერემონიას ჩამოთვლილი ქვეყნების ლიდერებთან ერთად ესწრებოდა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენიც.
ღარიბაშვილის თქმით, განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს და შესაძლებელია, ეს ენერგორესურსები მეზობელ ქვეყნებს მიეწოდოს.
საქართველოს პრემიერის თქმით, საქართველოს ევროპის გარდა, ყველა მეზობლისადმი გვაქვს ენერგიის მისაწოდებლად საჭირო ინფრასტრუქტურა, “შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი კი ამ მხრივ მნიშვნელოვან პერსპექტივას იძლევა“.
„ზემოხსენებული პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობები ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად - საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტრო გადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს” - განაცხადა ღარიბაშვილმა.
12 დეკემბერს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო გეგმა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზების პროექტის დაფინანსებასაც ითვალისწინებს.
ვარჰეის თქმით, ეს ხაზები საქართველოს და მთელს სამხრეთ კავკასიას რუმინეთთან დააკავშირებს, ასევე, უზრუნველყოფს მწვანე ენერგიის ექსპორტს ევროპაში - მისი სავარაუდო ინვესტიცია 2,3 მილიარდი ევროა.