logo
ENG



საქართველომ ევროსასამართლოში რუსეთს კიდევ ერთი საქმე მოუგო

09 აპრ 202414:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/09/vc0n9c9a4ohl7gt.jpg

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს კონვენციის არაერთი მუხლის დადგენა დაუდგინა. საქმე 2008 წლის ომის შემდეგ დაწყებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება. 

ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება). 

გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, ასევე, დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული საკუთრების, განათლებისა და თავისუფალი მიმოსვლის უფლება. 

ევროსასამართლო მიუთითებს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია პროცესი, რომელიც 2009 წელს დაიწყო და ბორდერიზაციის სახელითაა ცნობილი. ნათქვამია, რომ ამით ადამიანებს ეკრძალებათ "საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის თავისუფლად გადაკვეთა". 

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ეს 2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მემკვიდრეობაა. 

"კერძოდ, საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის ან გასვლის მცდელობისას ადამიანები მოკლეს, დააკავეს და/ან მათ მიერ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების "არალეგალურად გადაკვეთის" გამო არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი. 

ხალხს ჩამოერთვა მიწა, რომელსაც ისინი სოფლის მეურნეობისთვის იყენებენ. ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორეს და ბავშვებს აიძულებდნენ, აერჩიათ რუსულ ენაზე სწავლა ან ხანგრძლივი და სახიფათო მგზავრობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სკოლებში გაკვეთილებზე დასასწრებად".

ევროსასამართლო საქმეში საკმარისი მტკიცებულებების არსებობას უსვამს ხაზს, კერძოდ, დაზარალებულთა სიებს, ჩვენებებს, მედიის მიერ გაშუქებულ ინფორმაციებსა და საერთაშორისო ანგარიშებს, რითაც დაასკვნეს, რომ სავარაუდო ინციდენტები იყო არა ცალკეული, არამედ საკმარისად მრავალრიცხოვანი და ერთმანეთთან დაკავშირებული. 

"უფრო მეტიც, ინციდენტებზე ეფექტური გამოძიების აშკარა ნაკლებობა და დაინტერესებული პირების მიერ ზომების ზოგადი გამოყენება ამტკიცებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად ტოლერანტული იყო მსგავსი პრაქტიკის მიმართ". 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ კიდევ 3 საჩივარი აქვს შეტანილი. ამასთან ერთად, ჯამში, სასამართლოს განსახილველი აქვს ჯამში 200-მდე ინდივიდუალური საჩივარი, როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის ან ორივე სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტს ან ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს უკავშირდება. 

 


close დახურვა