საქართველოს ბანკი ზუგდიდში მათ ფილიალში ტერორისტის მიერ მძევლების აყვანასა და ნახევარი მილიონი დოლარის მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბანკი სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
"ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალს თავს ტერორისტი დაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, მას აქვს ავტომატი და ხელყუმბარა. მიმდინარეობს სპეცოპერაცია.
ფორმულას ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეჭრილი თავდამსხმელები ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვენ.
ფორმულას ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევალი დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ ოთახში დაახლოებით 20 მძევალია. მისივე ცნობით, სულ სამი თავდამსხმელია.