logo
ENG



საქართველოს გამომცემელთა ასოციაცია ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოს მიმართავს

13 ოქტ 202313:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/13/3y0l663io0nyk0y.jpg

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიას, ევროკავშირის საგარეო სამსახურს და ევროკავშირის საბჭოს მიმართავს და აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება საზოგადოების ერთიანობას შეუწყობს ხელს.

ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვის დასავლეთის მხარდაჭერა "უაღრესად მნიშვნელოვანია".

ფორმულა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს საქართველო ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოებრივი განვითარების ამ რთულ ეტაპზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. ეს გადაწყვეტილება უდავოდ ხელს შეუწყობს საქართველოს მშვიდობიან წინსვლას, განმუხტავს დაძაბულობას და დიდად დაეხმარება ქვეყნის შიგნით მიმდინარე დისკუსიების გადაყვანას კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში.

25 წელიწადზე მეტია, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია მუდმივად ზრუნავს საზოგადოების განათლებისა და წიგნიერების დონის ამაღლებაზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველი გამომცემლები რთულ ამოცანებს შევეჭიდეთ. ჩვენ არ გვქონდა თავისუფალი მეწარმეობის გამოცდილება, საბჭოთა კავშირში წიგნის გამომცემლის პროფესიაც კი არ არსებობდა ამ სიტყვის დასავლური გაგებით, მაგრამ შევძელით და ჩვენი სექტორი საკმაოდ სწრაფად განვავითარეთ. ამის ერთ-ერთი ლოგიკური შედეგი ისიც იყო, რომ 2018 წელს საქართველო შთამბეჭდავად წარდგა ევროპისა და მთელი მსოფლიოს წინაშე ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით. ასეთ ავტორიტეტიან ფორუმზე მოპოვებულმა წარმატებამ დამატებითი სტიმული მოგვცა და დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ხელმისაწვდომია საუკეთესო თანამედროვე გამოცემები: როგორც ორიგინალური ტექსტები, ისე თარგმნილი წიგნები.

ჩვენ, როგორც სახელმწიფოს განვითარებისთვის მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, რომელსაც ყოველდღიურად უხდება უშუალო ურთიერთობა ყველა სოციალურ ჯგუფთან, კარგად ვიცით საზოგადოების განწყობა და მისწრაფებები. სწორედ ამიტომ გვეყო გამბედაობა, ამ წერილით მოგვემართა თქვენთვის. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის თქვენი მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების ერთიანობას დღეს, ალბათ, არაფერი შეუწყობს ხელს ისე, როგორც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება. გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. ეს რწმენა ჩვენს ევროპელ მეგობრებსაც არაერთხელ გამოუთქვამთ, რაც გარკვეული იმედის საფუძველს გვაძლევს.

ველით თქვენს დადებით გადაწყვეტილებას, რომელიც უფრო რეალურს გახდის ჩვენს მრავალწლიან ოცნებას. გვჯერა ისიც, რომ დიდ ევროპულ ოჯახში ტერიტორიით პატარა, მაგრამ კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით მდიდარი საქართველოს მიღება ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. ევროპა ნამდვილად არის Universitas multiplex, ანუ მრავალფეროვანი ერთობა, და საქართველოს ადგილიც ევროპაშია. მეტი ევროპა - მეტი განათლება - მეტი კეთილდღეობა", - წერია განცხადებაში.


close დახურვა