logo
ENG



საქართველოს ელჩი: ყველა დაკარგული, ვისზეც თურქეთში ინფორმაცია გვქონდა, ვიპოვეთ

07 თებ 202309:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/07/xsg4b0wxcn2vja0.jpg

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას თქმით, იპოვეს ყველა ადამიანი, ვინც დაკარგულად მიიჩნეოდა. მისივე თქმით, დადასტურებულია საქართველოს ორი მოქალაქის დაღუპვა.

"ჩვენს მოქალაქეებთან კავშირი გვაქვს შეძლებისდაგვარად. ყველა დაკარგული, ვისზეც ინფორმაცია გვქონდა, რომ დაკარგულია, ვიპოვეთ. მათ შორის, ჩვენს ფეხბურთელებსაც მივაკვლიეთ. იმ ზონაში შეღწევა ძალიან რთულია, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რამენაირად მოგვაწვდინონ ხმა, სად არიან, როგორ არიან", - ამბობს გიორგი ჯანჯღავა.

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4300-ს გადააჭარბა. 

ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაიღუპა 2 921 ადამიანი, დაშავებულია 15 834. სირიაში ოფიციალური პირები აცხადებენ 1 451 დაღუპულისა და 3 531 დაშავებულის შესახებ.

ორშაბათს დილით, თურქეთი-სირიის საზღვარზე ქალაქ გაზიანტეპთან 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. რამდენიმე საათში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 7,5 მაგნიტუდა იყო. ოფიციალური პირების თქმით, ეს არ იყო წინა მიწისძვრით გამოწვეული ბიძგები.

თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ გოლბასისთან ძლიერი, 5,5 მაგნიტუდის ბიძგები - დაფიქსირდა სამშაბათს დილით.

ორივე ქვეყანაში დაინგრა და ჩამოიშალა ათასობით სახლი. მაშველები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად ამოიყვანონ დაშავებულები ნანგრევებიდან.

სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ, საქართველომ და სამხრეთ კორეამ მაშველები გაგზავნა მას შემდეგ, რაც თურქეთმა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება სთხოვა. ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა სირიაში. 


close დახურვა