logo
ENG



საქართველოს მთავრობა: ვგმობთ მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს

23 მარ 202410:15
3 წუთის საკითხავი
clock 417
2024/03/23/3c22bhi7bygtdhz.jpg

საქართველოს მთავრობა მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს. განცხადება მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

"საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში ავტომატიდან ცეცხლი, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა გახსნა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 60-ზე მეტია. 

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. მედვედევის თქმით, თუ თავდასხმაში უკრაინელები არიან დამნაშავე, მათ რუსეთი "სათანადოდ გაუმკლავდება".

რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის დაზვერვა კი აცხადებს, რომ მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაციაა.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობაზე "არაფერი მიუთითებს".


close დახურვა