logo
ENG



საქართველოს პროფკავშირები: 2019 წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა 38 პირი

28 აპრ 202013:03
3 წუთის საკითხავი
 
8cypgug5nounxep.jpg

საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანება განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც 2019 წელს  პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვლა 38 და  მძიმედ დაშავდა 135 ადამიანი. მხოლოდ წელს, გარდაიცვალა 7 და  მძიმედ დაშავდა 70 დასაქმებული. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კვლავ პრობლემას  წარმოადგენს  შრომის ინსპეტირების დეპარტამენტის მანდატის გავრცელება მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე. იგი საერთოდ არ ეხება შრომით უფლებებს, მაშინ,  როდესაც ამ ორ კატეგორიას შორის ზღვარი და მიჯნა რეალურად არ არსებობს.  საწარმოო შემთხვევათა დიდი ნაწილი სწორედ დასაქმებულთა ფიზიკური გადაღლილობიდან გამომდინარეობს, რაც მათი ისეთი შრომითი უფლებების უგულვებელყოფითაა განპირობებული როგორიცაა: შვებულებით სარგებლობაზე უარი, ზეგანაკვეთური  მუშაობა, ე.წ. ბიულეტენით ვერ სარგებლობა და ა.შ.

„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„28 აპრილი  სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა. ეს დღე არის ხსოვნის და ამავდროულად, მოქმედების დღე.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წლებია  28 აპრილს  სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს და წელსაც იგი უერთდება მსოფლიო პროფკავშირების  კამპანიას სლოგანით: შეაჩერე პანდემია სამუშაო ადგილებზე!

სამწუხაროა, რომ საქართველოში ყოველწლიურად ასობით დასაქმებული შავდება სამუშაო ადგილებზე, იძენს პროფესიულ დაავადებებს და  ხშირია გარდაცვალების ფაქტებიც.

წელს, COVID 19-ის გავრცელებიდან გამომდინარე სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა განსაკუთრებით აქტუალურია.

2019 წელს  პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვლა 38 და  მძიმედ დაშავდა 135 ადამიანი. მხოლოდ წელს, გარდაიცვალა 7 და  მძიმედ დაშავდა 70 დასაქმებული.  ეს იმ  ფონზე, როდესაც გლობალური პანდემიის პირობებში თვეზე მეტია ეკონომიკის სექტორების უმეტესობა არ მუშაობს. თუმცა, ამავე პანდემიის პირობებში, უსაფრთხო შრომასთან დაკავშირებული  გამოწვევები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისების მიწოდებისთვის  ბრძოლის წინა ხაზზე არიან:  ჯანდაცვის  და კვების პროდუქტების მაღაზიებში დასაქმებულები, პოლიციის თანამშრომლები, სოციალური მუშაკები და ა.შ. კიდევ უფრო დიდია.

მიუხედავად ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სფეროში გატარებული არაერთი პოზიტიური რეფორმისა, კვლავ  რჩება არაერთი პრობლემური საკითხი, რის გამოც სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გადარცვლილთა სტატისტიკა კვლავ მაღალია. საქართველოში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა მაჩვენებელი 3.1-ჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ სტატისტიკაში არ ხვდება პროფესიული დაავადებები და უამრავი შემთხვევა, რომელიც  დამსაქმებლის ძალისხმევის შედეგად არ ხმაურდება და შესაბამისად, ზედამხედველი ორგანოსთვის უცნობი რჩება.

კვლავ პრობლემას  წარმოადგენს  შრომის ინსპეტირების დეპარტამენტის მანდატის გავრცელება მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე. იგი საერთოდ არ ეხება შრომით უფლებებს, მაშინ,  როდესაც ამ ორ კატეგორიას შორის ზღვარი და მიჯნა რეალურად არ არსებობს.  საწარმოო შემთხვევათა დიდი ნაწილი სწორედ დასაქმებულთა ფიზიკური გადაღლილობიდან გამომდინარეობს, რაც მათი ისეთი შრომითი უფლებების უგულვებელყოფითაა განპირობებული როგორიცაა: შვებულებით სარგებლობაზე უარი, ზეგანაკვეთური  მუშაობა, ე.წ. ბიულეტენით ვერ სარგებლობა და ა.შ.

ამასთან, ზედამხედველი ორგანოს  ეფექტურობას ამცირებს შრომის ინსპექტორთა არასაკმარისი ოდენობა და  რეგიონალური დაფარვის არქონა.

საწარმოო ტრავმატიზმთან და სამუშაო ადგილებზე გარდაცვალებასთან დაკავშირებული  საქმის წარმოება, სისხლის და სამოქალაქო საქმეებზე, დროში გაჭიანურებული და ხშირად არაფექტიანი პროცესია. შემაფშოთებელია,  ამ საკითხზე არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკაც, რა დროსაც, ხშირად არ იკვეთება დამსაქმებლის ბრალეულობა და უმეტესად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა რიგით თანაამშრომელს ეკისრება.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ცალსახად ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების  სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფორმატში გადაწყვეტას, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ეს ვალდებულება არ სრულდება სამმხრივი კომისიის უმოქმედობის გამო.

აუცილებელია, ზემოაღნიშნული მდგომარეობის გაანალიზება და მხედველობაში მიღება იმისთვის,  რომ შრომის კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმი ეფექტური იყოს და შემცირდეს სამუშაო ადგილებზე  გარდაცვლილთა და დაშავებულთა საგანგაშო სტატისტიკა.

შესაბამისად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, მოვითხოვთ:


– საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გაძლიერდეს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მანდატი იმგვარად, რომ მან  უსაფრთოებასთან ერთად მოიცვას შრომის უფლებებზე ზედამხედველობაც;

– მოხდეს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის  სათანადაო საკადრო რესურსით აღჭურვა და ინსტიტუციური გაძლიერება;

– დაჩქარდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #81, #155, #176 კონვენციების რატიფიცირება, რომელიც ადგენს შრომის უსაფრთხოების უფრო მაღალ სტანდარტებს, ვიდრე ეროვნული კანონმდებლობა;

– მოხდეს პროფესიული დაავადებების აღრიცხვა;

– შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყდეს სოციალური დიალოგის გზით;

– განხორციელდეს დაჩქარებული და ეფექტიანი სამოქალაქო და სისხლის სამართალწარმოება საწარმოო ტრავმატიზმის და გარდაცვალების ფაქტებზე;

– საწარმოო ტრავმატიზმის და გარდაცვალების ფაქტებზე განხორციელდეს სრულყოფილი გამოძიება, გამოვლინდეს და დაისაჯოს რეალურად პასუხიმგებელი ბრალეული პირები“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა