საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანული გამოცემის Haqqin.az-ის სტატიას დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაციას უწოდებს.
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სტატია "უამრავ უზუსტობას შეიცავს".
"ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედია საშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობებს. სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოსდა სერიოზული ინტერნეტ გამოცემა, არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საქართველო-აზერბაიჯანის სტატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და ორი ერის ხანგრძლივი მეგობრობა, რომელიც ვითარდება და ღრმავდება, ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში და მათ შორის, ერთობლივად ახორციელებს მრავალ მნიშვნელოვან რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტს. აღნიშნული სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აზერბაიჯანული გამოცემა Haqqin.az წერს, რომ აზერბაიჯანული პოზიციებისა და სოფლების დასაბომბად, სერბეთმა სომხეთს ყუმბარმტრყორცნები საქართველოს ტერიტორიის გავლით მიაწოდა. სტატიაში ნათქვამია, რომ კამაზის მარკის მანქანებით გრადის სისტემებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები და ტყვიამფრქვევების მასალა სომხეთში საქართველოს გზით რუსეთიდანაც ჩაიტანეს. ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ბაქოში სერიოზული აღშფოთება და გაუგებრობა გამოიწვია იმან, თუ როგორ დაუშვა საქართველომ თავის ტერიტორიაზე სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან დაპირისპირებისთვის განკუთვნილი იარაღის გატარება.