უკვე მეორე ქართველი სასულიერო პირი დაინფიცირდა კორონავირუსით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ისტორიაში პირველად კი საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღდგომის აღნიშვნა ერთი თვით გადადო.
კორონავირუსის ახლა უკვე სასულიერო პირებს შორის დაფიქსირების მიუხედავად, საქართველოს საპატრიარქო პოზიციას არ იცვლის. მთავრობასთან მორიგი დახურული შეხვედრის შემდეგ პატრიარქმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეკლესია არ დაიკეტება, მრევლი ეზოში დადგება, საკათედროებში კი შეზღუდულად დაიშვება. განცხადებაში არაფერია ნათქვამი, როგორ გადაიხდის ეკლესია აღდგომის ლიტურგიას კომენდანტის საათის პირობებში. საპატრიარქოში ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვთ, ზოგიერთ სასულიერო პირს კი ღამით წირვის ჩატარების გეგმაც აქვს.
სასულიერო პირების უმეტესობა პატრიარქის პოზიციას იზიარებს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც განსხვავებულად ფიქრობს და უფრო მეტიც, ეკლესიების მრევლისთვის დროებით დახურვას ემხრობა. მათ შორისაა მღვდელი ლეონიდე ებრალიძე.
შერჩევითი და უსამართლოა სახელმწიფოს მიდგომა ოპოზიციისთვის. ოპონენტების შეფასებით, მთავრობამ დეკრეტით განსაზღვრული წესები ყველაზე უნდა გაავრცელოს და გამონაკლისები ეკლესიის შემთხვევაში არ უნდა დაუშვას.