130 000 ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს სახელმწიფოს მიერვე დაწესებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი - ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას სამართლიანი გარემოს ქონის ამბიცია აქვს, ხოლო სამართლიანი გარემო მანამდე ვერ იქნება, ვიდრე ბიზნესს ეძლევა საშუალება, რომ ბიუჯეტს ფული მოჰპაროს.
„სიცოცხლის უზრუნველყოფა გახლავთ სახელმწიფოს ფუნქცია. 130 000 ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს სახელმწიფოს მიერვე დაწესებულ საარსებო მინიმუმზე, ანუ რაც ადამიანს სჭირდება თვიდან თვემდე რომ იცოცხლოს, ამაზე ნაკლები ხელფასი. 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს 23 500 ადამიანს, რაც ბუნებრივია, ქვეყნისთვის ქმნის უამრავ გამოწვევას და საფრთხეს. ფაქტია ის, რომ ქვეყანას აქვს ამბიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამართლიანი გარემო იყოს და სამართლიანი გარემო მანამდე ვერ იქნება, ვიდრე ბიზნესს ეძლევა საშუალება, რომ ბიუჯეტს ფული მოჰპაროს.
ფულის მოპარვა გამოისახება სწორედ დღეს არსებულ მინიმალურ ხელფასში. ვერ დამანახებთ ვერც ერთ დასაქმებულს, რომელიც 20 ლარად თანახმაა, რომ დასაქმდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ კონვერტით ხდება ხელფასების გადახდა. კონვერტით ხელფასების გადახდა კი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადი ადეკვატურად არ შედის. არ ვამბობ, რომ ყველაფერს მოაგვარებს მინიმალური ხელფასი და მხოლოდ 1 კომპონენტი, იგივე პროგრესული გადასახადები და ა.შ., მაგრამ ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის ადეკვატური მინიმალური ხელფასის არსებობა ქვეყანაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
კონფერენციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ფართო მსჯელობა და ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი სხვა ქვეყნების გამოცდილების გაცნობა ხელს შეუწყობს საკითხის უკეთ გააზრებასა და დასახული ამოცანის გადაჭრის შესაძლებლობების მოძიებას.