ამერიკის შეერთებული შტატების 3 ყოფილი ელჩი საქართველოში: ჯონ ტეფტი, კენეტ იალოვიცი და უილიამ კორტნი ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ. ისინი სტატიაში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს ხარისხის გაუარესების შესახებ წერენ.
სტატია გამოცემა The National Interest-ში გამოქვეყნდა.
"საქართველო წარმატებით გაუმკლავდა კორონავირუსის ეპიდემიურ აფეთქებას, მაგრამ ახლა შესაძლოა, საფრთხე შეექმნას საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ისევე, როგორც პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას.
თითოეული ჩვენგანი მსახურობდა საქართველოში, როგორც აშშ-ის ელჩი და შეუძლია დაადასტუროს, რომ საქართველომ გრძელი გზა გამოიარა დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გზაზე 1991 წლიდან, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან.
ჩვენ კმაყოფილები ვიყავით კომპრომისული საარჩევნო რეფორმით, რომელსაც ქვეყანამ მიმდინარე წლის დასაწყისში მიაღწია, თუმცა, მთლიანად საარჩევნო პროცესის რეფორმირება და ქართველი ხალხის ნების ასახვა უკეთ შეიძლებოდა", - წერენ ელჩები.
ისინი შეშფოთებას გამოხატავენ მომავალ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზეც და მიუთითებენ, რომ საქართველოში აშშ-ის მოქმედმა ელჩმა, კელი დეგნანმა ორჯერ მიუთითა, რომ "ქართველებს უნდა ჰქონდეთ რუსეთის ჩარევის მოლოდინი, ვინაიდან არსებობს ჩარევის მრავალწლიანი გამოცდილება დეზინფორმაციის კამპანიებითა, თუ სხვა ხერხებით".
დიპლომატები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ბევრი მეგობრისთვის საზღვარგარეთ რთულია ქვეყნის რეფორმების ტრაექტორიის შეფასება.
"ეს გამოხატულია კონგრესის ასიგნაციების კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დროებით დაბლოკოს აშშ-ის დახმარების 15% საქართველოს მიმართ მანამ, სანამ ოფიციალური თბილისი არ გააძლიერებს დემოკრატიული ინსტიტუტებს, შეებრძოლება კორუფციას და დაიცავს იმ უცხოურ ბიზნესებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ. ამან შესაძლოა ვერ გადაარჩინოს საკანონმდებლო პროცესი, მაგრამ იქნება სიგნალი, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და საქართველოს მიდგომას უცხოელ ინვესტორებთან ყურადღებით დააკვირდებიან", - წერია ელჩების სტატიაში.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 2018 წლის საპარლამენტო არჩევნები "აღინიშნა ძალადობითა და დაშინებით" და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მუქარებით. 2019 წლის ივლისში კი ათასობით დემონსტრანტის მიმართ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი მათი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს.
ელჩების წერილში მოყვანილია NDI-ის მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები - მოქალაქეების 53%-მა მიუთითა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება და მხოლოდ 19% მიიჩნევდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. იმავე კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 59%-ს არ სჯერა, რომ საქართველო დემოკრატიაა. წინა კვლევით, ასე მოქალაქეთა 46% ფიქრობდა.
ელჩების წერილში ნათქვამია ისიც, საქართველოს მეგობრები და მეზობლები ყურადღებით აკვირდებიან მედიის თავისუფლებასა და მათ დაშვებას საარჩევნო უბნებსა და ოლქები, ხმის დათვლის პროცესზე დასაკვირვებლად.
"ქართული ოცნების მიერ სამთავრობო ინსტრუმენტების გამოყენება იქნება უპირატესობის უსამართლოდ მოპოვება. დამოუკიდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები გავლენას მოახდენს არჩევნების პროცესის აღქმაზე", - ვკითხულობთ ელჩების მოსაზრებაში.
დიპლომატები აღნიშნავენ, რომ საქართველომ, საბედნიეროდ, მოახერხა, გამკლავებოდა კორონავირუსს. წერილის დაწერის დროს ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 19 იყო. ელჩების თქმით, გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუჯერა საჯარო მედიცინის სპეციალისტებს და მოახერხა კრიზისის მართვა და მოქალაქეებს სათანადო ინფორმაცია მიაწოდა.
თუმცა, მათი შეფასებით, ეკონომიკური მაჩვენებლები ნაკლებად პოზიტიურია.
"კორონავირუსმა დააზარალა ეკონომიკა, შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა და შეფერხდა ეკონომიკური ზრდა. უმუშევრობა აქილევსის ქუსლად რჩება, სიღარიბის მაჩვენებელი კი კვლავ მაღალია, განსაკუთრებით რეგიონებში", - წერენ დიპლომატები და მიუთითებენ, რომ არის უცხოური ინვესტიციების გადაუდებელი საჭიროება.
"თუმცა, საქართველოს მთავრობამ უცხოელ ინვესტორებს ორჯერ აუფრიალა წითელი დროშა. კერძო კონსორციუმმა, რომელსაც საქართველოში ქართული მხარე ედგა, სამთავრობო ტენდერი მოიგო შავ ზღვაზე ანაკლიის პორტის ასაშენებლად. პროექტის ღირებულება 2.5 მილიარდი იყო. პორტი საქართველოს ევროპასა და აზიას შორის მთავარ სავაჭრო პუნქტად აქცევდა.
როგორც ჩანს, პროექტის შეჩერება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა და საქართველოს მთავრობას არ სურს ან არ შეუძლია, უზრუნველჰყოს სათანადო მხარდაჭერა და სუვერენული გარანტიები საერთაშორისო ინვესტორების დასაკმაყოფილებლად. პროექტში აშშ-ც იყო ჩართული, მაგრამ მოგვიანებით ის დატოვა", - წერენ დიპლომატები.
მეორე პროექტი, რაზეც საქართველოში ყოფილი ელჩები მიუთითებენ, "ციფრული აბრეშუმის გზაა", რომელიც ევროპას შავი ზღვის ფსკერის გავლით სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებდა. კონსორციუმმა საქართველოს ტელეკომის 49% შეიძინა ამ პროექტის განხორციელებისთვის. საქართველოს მთავრობამ კი დაჩქარებული წესით მიღებული კანონით ამ ტრანზაქციის შებრუნება და კომპანიაზე სრული გავლენის მოპოვება გადაწყვიტა. კანონით, მას კომპანიის მითვისებაც შეუძლია.
"ორივე შემთხვევაში არის რისკი, რომ კომპანიების მიმართ საქართველოს მთავრობა საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავს. ამან შესაძლოა შეაშინოს ზოგიერთი პოტენციური უცხოელი ინვესტორი. მოლაპარაკებებმა შეიძლება შეამციროს ეს რისკები.
გასული სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველო გაუმკლავდა ომებს და სხვა შემაძრწუნებელ საფრთხეებს, რომელიც სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას დაემუქრა. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაც შეუძლია", - წერია წერილში.
კენეტ იალოვიცი საქართველოში ამერიკის ელჩად 1998-2001 წლებში მსახურობდა.
უილიამ კორტნი - 1995-1997 წლებში;
ჯონ ტეფტი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი 2003-2008 წლებში იყო.