logo
ENG



საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა, ქვეყანა 26 პოზიციით დაქვეითდა - RSF

01 აგვ 202413:16
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/01/wtit2zym4nanylj.jpg

საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრების გარეშე მედიის თავისუფლების კუთხით 2024 წლის რეიტინგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა და ქვეყანა 26 პოზიციით დაქვეითდა. 180 ქვეყანას შორის საქართველო 103-ე ადგილზეა. 2023 წელს 77-ე ადგილს იკავებდა.

ვითარების გაუარესების მიზეზად ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას ასახელებს. კერძოდ, როგორც RSF წერს, ქვეყნის მმართველი პარტია საზოგადოების პოლარიზებას განაგრძობს.

"ქვეყნების სიაში, რომლებმაც საგრძნობი [პოზიციების] გაუარესება განიცადეს, საქართველოც მოხდა - ის 103 ადგილს იკავებს და მისი პოზიცია 26 პუნქტით გაუარესდა. ქვეყნის მმართველი პარტია აგრძელებს საზოგადოების პოლარიზებას, მოსკოვთან დაახლოების პოლიტიკას აწარმოებს და სულ უფრო და უფრო მტრულ დამოკიდებულებას იჩენს პრესის თავისუფლების მიმართ", - წერია ანგარიშში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ "მთლიანობაში მაჩვენებელმა განიცადა საერთო ვარდნა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, სადაც პრესის თავისუფლება არ არის გარანტირებული და მედია სულ უფრო ხშირად გამოიყენება დეზინფორმაციული კამპანიების გადამცემად".

"რუსეთის სახელმწიფო (162-ე ადგილზეა) აგრძელებს თავის ჯვაროსნულ ლაშქრობას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ, მაშინ როცა 1 500-ზე მეტი ჟურნალისტი გაიქცა საზღვარგარეთ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. რუსეთის 2024 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში ორი ადგილით გაუმჯობესება, სხვა ქვეყნების დაცემის გამო, ფარავს მისი გლობალური ქულის დაცემას, რადგან ჟურნალისტებისა და მედიის სია, რომლებსაც "უცხოური აგენტები" ან "არასასურველი" უწოდეს, გაიზარდა, ხოლო ჟურნალისტების დაკავებები გრძელდება. რეგიონში ყველაზე დაბალი რეიტინგი ბელარუსს (167-ე ადგილი) და თურქმენეთს (175-ე ადგილი) აქვთ - ბელარუსის მთავრობა ჟურნალისტებს "ექსტრემიზმის" წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით დევნის, ხოლო თურქმენეთის პრეზიდენტს აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება და ყოველგვარ დამოუკიდებელ გაშუქებას კრძალავს", - წერია ანგარიშში.

 


close დახურვა