საქართველოში ხვალ ჯეიმს აპატურაი ჩამოდის - უსაფრთხოების გამოწვევებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტის მთავარი თემა იქნება NATO-ს პროგრამა მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.
პროგრამა წარმოადგენს დიალოგისა და თანამშრომლობის მექანიზმს NATO-სა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომლის მიზანია NATO-ს სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად, სამოქალაქო მეცნიერებისა და ინოვაციების კუთხით თანამშრომლობა. ფორმულას ინფორმაციით, აპატურაი ხელისუფლების ლიდერებს შეხვდება.
აპატურაი თბილისს NATO-ს მხრიდან ბოლო დროს არაერთხელ დაფიქსირებული შეშფოთების ფონზე სტუმრობს - 5 აპრილს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ არსებობს შეშფოთება საქართველოში რეფორმების გატარების ტემპთან და დონესთან დაკავშირებით.
როგორც კოლომინამ ფორმულასთან ინტერვიუში თქვა, მნიშვნელოვანია მთავრობამ გაატაროს რეფორმები, რაც საბოლოოდ გავლენას მოახდენს დეპოლარიზაციაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ რეფორმების გატარება როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის პასუხისმგებლობაა.