logo
ENG



საქნახშირის დირექტორი: შახტის 3 დღით შეჩერების გადაწყვეტილებას მივიღებთ

31 იან 202214:58
3 წუთის საკითხავი
 

ტყიბულის შახტა, რომელშიც გუშინ აფეთქება მოხდა, 3 დღით მუშაობას შეაჩერებს.

როგორც საქნახშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხაილ სოცკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სპეციალურად შექმნილი კომისია ადგილზე გუშინდელი დღიდან მუშაობს და მომხდარის დეტალებს არკვევს. მისივე თქმით, კომისიის დასკვნა 2-3 დღეში იქნება. 

"გუშინ, საღამოს 10 საათზე მოხდა გაზის აფეთქება, რა დროსაც ადამიანები დაშავდნენ, ხოლო ერთი გარდაიცვალა. ეს საშინელი ამბავია. დღეს ვცდილობთ ამ სიტუაციაში გავერკვიოთ. გუშინდელი დღიდან მუშაობს კომისია, რომელიც არკვევს მომხდარის დეტალებს. დღეს იქნება გაფართოებული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა. შახტის 3 დღით შეჩერების გადაწყვეტილებას მივიღებთ. შემდეგ სამუშაოებთან დაკავშირებით უკვე კომისიის მიერ დადებული შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ. დასკვნის შემდეგ გავმართავთ პრესკონფერენციასაც. ადგილზე მუშაობს პოლიციაც, პროკურატურაც, ასევე ჩვენი კომისია პროფკავშირების ჩართულობით და გაირკვევა თუ რა გახდა აფეთქების მიზეზი", - განაცხადა კომპანიის დირექტორმა. 

აფეთქება ტყიბულის მინდელის შახტში 30 იანვარს, გვიან ღამით მოხდა. 

დაშავდა 9 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი მალევე გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის შახტაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა