logo
ENG



საქსტატი: 2021 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 21.9%-მდე გაიზარდა

20 მაი 202114:12
3 წუთის საკითხავი
 

2021 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.9 პროცენტი შეადგინა.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, I კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 48.3 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 4.2 პროცენტული პუნქტით და 37.7 პროცენტს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 3.8 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 4.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 3.3 პროცენტული პუნქტით.

გარდა ამისა, 2021 წლის I კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69.4 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

საქალაქო დასახლებებში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 0.4 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, უმუშევრობის დონე კვლავ მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 4.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 3.3 პროცენტული პუნქტით.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. მიმდინარე წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 38.2 პროცენტს, ხოლო კაცებში 60.0 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში შემცირებულია 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.3 პროცენტული პუნქტით.

2021 წლის I კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 4.5 და 3.8 პროცენტული პუნქტით.


close დახურვა