logo
ENG



საყდრისის კომიტეტი საპატრიარქოს: ქოროღოს კოშკის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯები გადადგით

20 ნოე 202314:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/20/9qtg8c3hwlzulvc.jpg

საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის საპატრიარქოს მოუწოდებს, X საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ქოროღოს კოშკის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

კომიტეტში ამბობენ, რომ საპატრიარქომ გელათის მსგავსად, პასუხისმგებლობა ქოროღოს კოშკზეც უნდა აიღოს.

როგორც კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, "ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, X საუკუნის ქოროღოს კომპლექსის, რეაბილიტაცია სავალალო შედეგებით მიმდინარეობს".

"ისტორია მეორდება, გელათის მსგავსად, ქოროღოს კოშკზე უხეში ჩარევის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დანგრეულია და ნადგურდება, ხოლო მსოფლიოში უნიკალური რელიეფური ფილა ნანგრევებს შორის, ღია ცის ქვეშაა მიტოვებული. გარდა ამისა, ჯერ ისევ დაუზუსტებელია, კოშკი დაინგრა თუ ამ ფორმით დაშალეს. სპეციალისტების განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ კოშკი დაშალეს, არსებული მდგომარეობით, ეს სამუშაოები ყველა წესის დარღვევით არის ჩატარებული.

ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ქოროღოს კოშკი ფაქტობრივად განადგურებული და დანგრეულია, ხოლო "ქოროღოს ეკლესიის სამხრეთი კარიბჭის გაუმართლებელი დანგრევის შემდეგ, არ იქნა მიღებული ზომები მასში ჩართული უნიკალური რელიეფების დასაცავად, რამაც გამოცალკევებულ რელიეფიან ქვებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. საპროექტო სამუშაოები არ ითვალისწინებდა ამ რელიეფების სამომავლო ბედის განსაზღვრას და არც მერე, სამუშაოების მიმდინარეობისას შემუშავებულა რაიმე გეგმა მათი დაცვის უზრუნველსაყოფად. ამჟამად ისინი ღია ცის ქვეშ აწყვია".

ამდენად, ვიდრე ჯერ კიდევ არსებობს უმცირესი შანსი ამ უნიკალური ძეგლის გადარჩენისა, მათ შორის, რელიეფური ფილების, რომლებიც, შესაძლოა, ყოველ წამს დაზიანდეს და განადგურდეს უყურადღებობის და არასათანადო პირობებში შენახვის გამო, აუცილებლად მიგვაჩნია აქტიური რეაგირება და ქმედება სათანადო ორგანოების მხრიდან. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და როლი ეკისრება საქართველოს საპატრიარქოს", - წერია განცხადებაში.


close დახურვა