logo
ENG



საყოველთაო კარანტინის შეზღუდვები ძალაში 31 მარტიდან 8:00 საათიდან შევა და 21 აპრილამდე გაგრძელდება

30 მარ 202020:04
3 წუთის საკითხავი
 

 

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა,  მათ შორის არის  ერთი ექიმი. ზრდის შემაშფოთებელი მასშტაბის საფუძველი სპეციალისტებისა და მთავრობისთვის, ამჟამად საქართველოში სამი პაციენტია, რომლის დაინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხდება, დაწყებულია შიდა გადაცემა.  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება.

შეზღუდვების შესრულება 31 მარტიდან სავალდებულო გახდება. მოქალაქეები, რომლებიც რეგულაციებს არ დაემორჩილებიან, დაისჯებიან.  კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად თავდაცვის შესაბამისი უწყებები განახორციელებენ. ე. წ კომენდანტის საათისა და საყოველთაო კარანტინის შემოღება ხელისუფლების განცხადებით  - ქვეყანაში  ეპიდვითარების გაუარესებამ გამოიწვია.  მთავრობის გადაწყვეტილებების კოორდინირებისთვის სპეციალური   ოპერატიული მმართვის შტაბი შეიქმნება.

აკრძალვები 21 აპრილამდე გაგრძელდება. ეს პერიოდი დიდ საეკლესიო დღესასწაულებს ემთხვევა, თუმცა რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ამ მიმართულებით, გიორგი გახარიას კონკრეტული არაფერი უთქვამს. დაადასტურა, რომ საპატრიარქოსთან კონსულტაციები მიმდინარეობს და იმედი გამოთქვა, რომ ეკლესიასთან კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი გახდება.

გადაადგილება მაქსიმალურად იზღუდება, 70 წელს გადაცილებულებისათვის კი საერთოდ იკრძალება. ეკონომიკისა და  ჯანდაცვის სამინისტროები, მუნიციპლატიტეტებთან ერთად -ვალდებულები იქნებიან მარტოხელებს დაეხმარონ. კონკრეტული გეგმა ჯერ ცნობილი არ არის. ასევე უცნობია რა ბედი ელის შემოსავლების და სოციალური პირობების გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს - მთავრობის ადმინისტრაციას ანტიკრიზისული გეგმა არც დღეს წარმოუდგენია. შეზღუდვები სტრატეგიულად მნიშვნელოვან საწარმოებს არ შეეხება.

რეგულაციებმა პენიტენციალური სისტემის შიდა განაწესიც შეცვალა. სასჯელაღსრულების დაწესებულებების 780 თანამშრომელი, შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში, სახლში არ წავა. -

შეზღუდვები ძალაში ხვალ, დილის 8 საათიდან შევა. 21 საათიდან დილის 6 საათამდე ე.წ კომენდანტის საათი იმოქმედებს. გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ შეეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სპეციალური დოკუმენტაცია ექნებათ.

 


close დახურვა