საჩხერეში, პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა, ორი დღის წინ მოხდა.
ფაქტზე, რამაც მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, გამოძიებაა დაწყებული. გამოიკითხა ინციდენტის თვითმხილველი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, იდენტიფიცირებულია სამეთვალყურეო და სამხრე ვიდეო კამერები. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი – ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
"საპატრულო ეკიპაჟი დაეჯახა ამ ბიჭს. შემდეგ შელაპარაკება მოხდა. ის ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები გაგრძელდა მასზე. ჯერჯერობით უცნობია და ახლა პოლიცია ადგენს, მოხდა მისი გადავარდნა გაქცევის დროს თუ პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მოხდა ეს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება თავიდანვე მხოლოდ ერთ ვერსიაზე არ იყოს ორიენტირებული. აქ შეიძლება იყოს არა ერთი, არამედ რამდენიმე პოლიციელის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს", - განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტის წარმომადგენელმა გურო იმნაძემ.