logo
ENG



საძაგლიშვილი: მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით

11 ნოე 202117:06
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. 

ამასთან, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის კატეგორიული მოთხოვნაა, მასთან შესვლის საშუალება მიეცეს ალტერნატიულ კონსილიუმს და ჰქონდეთ წვდომა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაზე. 

"იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ არ შეასრულა მის მიერვე შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციები, ახლა გვაქვს სრული ინფორმაციული ვაკუუმი. ამიტომ, საჭიროა, შეიქმნას ალტერნატიული კონსილიუმი და ჰქონდეთ სააკაშვილთან ვიზიტის საშუალება". - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში 8 ნოემბერს, რუსთავის მე-12 ციხიდან მოტყუებით გადაიყვანეს. ექსპრეზიდენტს ეგონა, რომ ის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყავდათ. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და 10 ნოემბერს გამოსცა დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ექსპრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი მოუწოდა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. 

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 42-ე დღეა, დაპატიმრებულია და შიმშილობს.

მისმა კიდევ ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ დღეს, 11 ნოემბერს თქვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბრძოლის ინსტრუმენტი - შიმშილობა უნდა გადაიხედოს და დაიწყოს მუშაობა მის ჩანაცვლებაზე. 


close დახურვა