logo
ENG



სახალხო დამცველი: მოვუწოდებთ დევნილთა სააგენტოს ნგრევადი ობიექტებიდან დევნილთა განსახლებას

17 იან 202213:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/17/k12vzodri2ywps1.jpg

სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ყოფილი სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილი მამაკაცის თვითმკვლელობის გამო და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოუწოდებს მაქსიმალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ე.წ. ნგრევადი ობიექტიდან დევნილი პირების შემჭიდროებულ ვადებში განსახლების მიზნით.

სახალხო დამცველის თანახმად მათ გასულ წლებში შეისწავლეს ყოფილი სანატორიუმი „ქართლის“ შენობაში მცხოვრები დევნილების უფლებრივი მდგომარეობა და დაადგინეს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დაუსაბუთებლად აცხადებდა უარს შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმებაზე.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს რეკომენდაციით მიმართეს სააგენტოს და შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმება მოითხოვეს. არსებული საექსპერტო დასკვნით დასტურდებოდა შენობაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი გარემოს არსებობა.

განცხადება სრულად:

16 იანვარს, თემქაზემ სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილების აქციის ერთ-ერთი მონაწილე, 52 წლის კაცი შენობიდან გადმოხტა.  სხვა დევნილების თქმით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით პროტესტის ნიშნად და პრობლემისადმი ხელისუფლების ყურადღების მიქცევის მიზნით დაასრულა. 

თემქაზე დევნილები რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ და მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. 

მათი თქმით, სანატორიუმ ქართლის შენობა, სადაც ისინი ცხოვრობენ, კორპუსი დაზიანებული იყო, ახლა კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები ამბობენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება. 

დევნილები პროტესტს დროებით, გლოვის გამო წყვეტენ, ხოლო მას შემდეგ, რაც გარდაცვლილს დაკრძალავენ, აქციებს განაახლებენ.

 

close დახურვა