logo
ENG



სახალხო დამცველი: მოსამართლეების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ არ წარიმართა

10 დეკ 201912:58
3 წუთის საკითხავი
 
66wpglalxh7j3bn.jpg

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების არჩევის პროცესი სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა. ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ არ წარიმართა და კონკრეტულ კანდიდატებთან არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმართულმა პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საქართველოს პარლამენტს საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა. შერჩევის პროცესი წარიმართა ფარულად, გამოიკვეთა საბჭოს წევრთა მიერ ურთიერთშეთანხმების შემთხვევები, რაც პროცესის სამართლიანად წარმართვას ეჭვქვეშ აყენებდა. მოქმედმა საკანონმდებლო ჩარჩომ, რომლის მიხედვითაც საბჭოს გადაწყვეტილებები არ საბუთდება და არ საჩივრდება, ვერ უზრუნველყო კონკურსში მონაწილეთა უფლებების დაცვა. პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის აღმოჩნდნენ პირები, რომელთა მიერ კანონით განსაზღვრული მინიმალური აკადემიური ხარისხის ფლობა კითხვის ნიშნებს აჩენდა,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობის 20-კაციანი სია გადაუგზავნა. კანდიდატებმა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უკვე უპასუხეს პარლამენტის დეპუტატის კითხვებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვლის, რომ კანდიდატების უმეტესობა ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრები არიან და ხელისუფლებას 20-კაციანი სიით სასამართლოს ხელისუფლების მთლიანად მიტაცება სურს.

 


close დახურვა